ლევან იზორიას დედა მიმართვას ავრცელებს – “ჩემ შვილს, ლევან იზორიას ძმას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები”
აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა ჩემი შვილების და ჩემი ოჯახის მიმართ, – ამის შესახებ ლევან და ვახო (კიტა) იზორიების დედა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში წერს.
“აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა ჩემი შვილების და ჩემი ოჯახის მიმართ. ნაცების და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული უბინძურესი პროპაგანდის თითოეულმა შემოქმედმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემ შვილს, ლევან იზორიას ძმას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღემდე აგრძელებს მკურნალობას. იმ კონკრეტული ინციდენტის დროსაც, მას ჰქონდა ჯანმრთელობის სკამაოდ მძიმე მდგომარეობა და მხოლოდ და მხოლოდ ზემოთთქმული მიზეზის გამო გამოხატავდა გარკვეულ აგრესიას. მიუხედავად ამისა, ბოროტების შემოქმედებმა დაიწყეს ცილისმწამებლური კამპანია, პარტიული ტელევიზიის სიუჟეტს მოყვა პოლიტიკური შეფასებები და ერთ ხმაში, მწყობრად აგრძელებენ ტალახის სროლას. მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ზღვარი. თქვენ, ამ კამპანიის შემოქმედებო, არ გაქვთ სამშობლო, არ გყავთ ოჯახები, არ გაქვთ არც სახელი და არც გვარი. თქვენ სახეს ვერ დაკარგავთ, თქვენ სახე არ გაქვთ! თქვენ ხართ ერთი კრებსითი ბოროტება”!!! – წერს გულიკო კვირკველია სოციალურ ქსელში.