ამირან სალუქვაძე: რა ხდება ლიბიაში?

რა ხდება ლიბიაში?- ამ სათაურით ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში სტატიას აქვეყნებს.

მისი თქმით, ლიბიაში სრული შეთანხმების მიღწევა და ქვეყანაში სიტუაციის კონტროლზე აყვანა, მოკლე ვადებში გაჭირდება.

რა ხდება ლიბიაში? (დანაპირები სტატია)

საერთაშორისო აქტორების აქტივობების, საერთაშორისო მოლაპარაკებების და კონფერენციების პარალელურად, უნდა გვესმოდეს თუ რეალურად რა ხდება ლიბიაში, რა პროცესებია, თორემ ზოგიერთ მშვიდობის მტრედს ფრთები აკლია, სრული დამაჯერებლობისთვის. ისტორიის მიმოხილვით არ გადაგღლით, მხოლოდ ოსმალთა იმპერიის დაშლის შემდგომ ზოგიერთ თარიღს შეგახსენებთ.

1911 წლიდან, ოსმალთა იმპერიის დაშლის შემდეგ, 1942 წლამდე ლიბია იტალიის კოლონია იყო.
1943 წლიდან, ლიბიაში ჰიტლერის კოალიციის განადგურების შემდეგ, ინგლისის და საფრანგეთის მმართველობის ქვეშაა.
1951 წელს ლიბიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა – შეიქმნა ლიბიის გაერთიანებული სამეფო.
1969 წელს ლიბიის არმიის ოფიცერმა, პოლკოვნიკმა კადაფიმ მეფე დაამხო და ჩამოაყალიბა ლიბიის არაბული რესპუბლიკა. იყო ომები, იყო ლიბია ბირთვული პროგრამა და ა.შ. ყველა ინფორმაცია მოიპოვება ღია წყაროებში.
2011 წელს, საპროტესტო აქციები სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რაც კადაფის მკვლელობით დასრულდა.

სხვათაშორის, საინტერესოა ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტის ევგენი სატანოვსკის მოსაზრება, რომ კადაფი ყატარის ექს-ამირის მიმართ, არაბულ სამყაროში მიუღებელი უხეშობის გამო მოკლეს.

მოკლედ, 2011 წლის მოვლენების განხილვაც ვრცელი თემაა და დღეს ნაკლებადაა აქტუალური. ფაქტია, რომ ლიბიის სამოქალაქო დაპირისპირების, სირიის ომის შედეგად, ევროპამ მიიღო მილიონობით ლტოლვილი, რაც სერიოზულ გამოწვევად იქცა.

რა ხდება დღეს?

შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირებების გამო ქვეყანა გახლეჩილია რამდენიმე ნაწილად.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ლიბია მხოლოდ ორ ბანაკადაა დაყოფილი, აღმოსავლეთს აკონტროლებს ნაციონალური თანხმობის მთავრობა სარაჯის ხელმძღვანელობით, დასავლეთს კი ფელდმარშალი ხაფტარი. თუმცა, ლიბიაში უფრო რთულადაა ვითარება და მთელი ლიბია მხოლოდ ტრიპოლიდან და ბენგაზიდან არ კონტროლდება. ლიბიის სხვა დიდ ქალაქებშიც ქაოსია და სიტუაციას ადგილობრივი დაჯგუფებები “აკონტროლებენ”. თუმცა, ზოგადად მიიჩნევენ, რომ ლიბიის დასავლეთს ფაიზ სარაჯი აკონტროლებს, აღმოსავლეთს კი ხალიფა ხაფტარი. სურათის დასანახად ორ ციფრს მოვიყვან. კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბიის შეიარაღების 70% ხალხმა ჩაიგდო ხელში. 2012 წელს ქვეყანაში, დაახლოებით თანაბარი ძალების მქონე 1400 შეიარაღებული დაჯგუფება იყო. ამ ფონზე, 2019 წლის აპრილში, ფელდმარშალმა ხაფტარმა ჯარები ტრიპოლისკენ, სარაჯის წინააღმდეგ დაძრა. ამ აქციას წინ ხაფტარის მოსკოვში ვიზიტი და მისი პუტინთან შეხვედრა უძღოდა. დღეს, ვინც ვითარებას თვალყურს ადევნებს, ყველასათვის ნათელია, რომ ლიბიაში, თითქოსდა ერთმანეთთან შეხმატკბილებული, რუსეთის და თურქეთის ჭიდილია. ლიბიაში სირიის მაგვარი სცენარი თამაშდება, ოღონდ თავისი სპეციფიკით. ნაციონალური თანხმობის მთავრობას მხარს თურქეთი უჭერს, ფელდმარშალს კი რუსეთი. რა თქმა უნდა ლიბიაში რეგიონის და მსოფლიოს სხვა აქტორების ინტერესებიცაა და აქტიურად მოქმედებენ ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ. შიდა კონფლიქტში აქტიურად არიან ჩართულნი ყატარი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე…

მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებების სპექტაკლი გათამაშდა, თითქოსდა ხაფტარმა შეთანხმებაზე ხელმოწერის მოსაფიქრებლად დილამდე დრო ითხოვა, თავად კი ლიბიაში გაემგზავრა და ისე. დედაქალაქს შეუტია. შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ბერლინში გადაინაცვლა. შეიკრიბნენ ლიდერები: მერკელი, მაკრონი, ერდოღანი, პუტინი, ბუტერიში…

იმსჯელეს, იმსჯელეს და ვითარების მშვიდობიანი გზით დარეგულირებაზე შეთანხმდნენ.

საინტერესო იყო დახვედრის ცერემონიალი, როცა ცივ ამინდში მერკელი სტუმრებს პიჯაკით დახვდა. მაკრონი მანქანაში პალტოთი იჯდა. გადმოვოდა, დაინახა მერკელის ჩაცმულობა და ხელის ჩამორთმევამდე მოასწრო პალტოს გახდა. იგივე გააკეთა ერდოღანმაც. გადმოვიდა მანქანიდან, მიესალმა მერკელს, შეხედა მსუბუქად აცვია და მანაც გაიხადა.

მოკლედ, ესენი კი შეთანხმდნენ, მაგრამ, როგორც თავადვე განაცხადეს, მგონი ლავროვმა თქვა, ვითარება რთულია და მშვიდობის დასამყარებლად დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. სხვათაშორის, თურქეთის ჯარებმა ლიბიაში შესვლაზე არა მხოლოდ თურქეთის პარლამენტის თანხმობა, არამედ ლიბიის ხელისუფლების ოფიციალური მოწვევაც მიიღო. რუსეთი კი, საკუთარი ინტერესების გატარებას ფელდმარშალ ხაფტარის მეშვეობით ცდილობს. შესაბამისად, სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდება მაშინ, როცა თურქეთ-რუსეთის მიზნები იქნება მიღწეული, როცა ხაფტარი ტერიტორიის მაქსიმუმის გაკონტროლებას შეძლებს, თურქეთიც საკუთარ ინტერესს დააფიქსირებს. სირიაში პუტინს ირანთან და თურქეთთან უწევდა პოზიციების შეჯერება. ლიბიაში მხოლოდ ერდოღანთან აქვს დასალაგებელი, რომელიც, თუ სირიაში პუტინი იყო ასადის მოწვეული, ლიბიაში პირიქითაა. ამიტომ, ხაფტარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მაშინ დათანხმდება, როცა კრემლიდან მიიღებს თანხმობას. რუსეთის ორმაგი სტანდარტი სახეზეა, სირიაში მოქმედი რეჟიმის შენარჩუნებას ემხრობა და ცდილობს, ლიბიაში კი პირიქით.

ვის რა ინტერესები აქვს?

ბევრს საუბრობენ, მეც დამიწერია, რომ ამერიკამ სირია რუსეთს დაუთმო, იგივე ლიბიაზე.

რა თქმა უნდა აქ რუსეთის აქტიურობამაც ითამაშა როლი და დასავლეთის პოლიტიკამაც, პლუს ამ ომების და რევოლუციების გამო ევროპის ახალმა გამოწვევებმა და, შესაბამისად, პოლიტიკის შეცვლამ. ისიც უნდა ითქვა, რომ რუსეთს ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. ამავე დროს თავად ამერიკის პოლიტიკაც შეიცვალა, განსაკუთრებით ტრამპის მოსვლის შემდეგ. ტრამპმა გასაგებად განაცხადა, რომ მას არ სჭირდება ახლო აღმოსავლეთის ნავთობი, თუმცა რეგიონში გააჩნია საკუთარი ინტერესები და მოკავშირეები, რომლებსაც არ მიატოვებს. უახლოეს პერიოდში, ლიბიის გარდა, ყურადღების ცენტრში იქნება ერაყში მიმდინარე პროცესები. დაძაბულობა შენარჩუნდება იემენში, რაც პირდაპირ უკავშირდება აშშ-ს მოკავშირე საუდის არაბეთს. აღარაფერს ვამბობ ირანის და პროირანული დაჯგუფებების პრობლემაზე. სულ ახლახანს, ერაყში აშშ-ს საელჩოს მწვანე ზონაში ისევ დაეცა რაკეტები, რაზეც პასუხისმგებლობა პროირანულ დაჯგუფებებს დააკისრეს. თუ თავდასხმები გაგრძელდა, აშშ-ს მათ წინააღმდეგ ზომების მიღება მოუწევს. დავუბრუნდეთ ლიბიას. ევროპას, გარდა ცალკეული სახელმწიფოების, იტალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის ტრადიციული კავშირებისა და ინტერესებისა, ადარდებთ სიმშვიდის შენარჩუნება, რათა არ განახლდეს უმაეთავი მიგრაცია და, ასევე, ენერგო რესურსების მიღება. შეგახსენებთ, რომ აფრიკის კონტინენტზე ლიბია პირველ ადგილზეა ნავთობის, ხოლო მეოთხეზეა გაზის მარაგებით. თურქეთის და სხვა რეგიონული ქვეყნების ინტერესებზე ბევრჯერ გვისაუბრია.

რუსეთს ლიბიაში რამდენიმე ინტერესი აქვს.

პირველი, ესაა რეგიონში პოზიციების განმტკიცება, რაც მას საშუალებას აძლევს ზეგავლენა იქონიოს ნავთობის ფასებზე, ჰქონდეს გავლენები რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

მეორე, სამშვიდობო პროცესში ჩართულობის პარალელურად, დასავლეთი კარგად ხედავს რუსეთის რეალურ როლს და გავლენას კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეზე. შესაბამისად, კრემლი ლიბიის საკითხს აქტიურად იყენებს და გამოიყენებს ევროპასთან სავაჭროდ. მესამე, რუსეთი ლიბიის და სირიის საკითხებს აქტიურად იყენებს შიდა ბაზარზე. ბოლო დღეებში მუდმივად აჟღერებენ თეზისს, რომ რუსეთი დაბრუნდა მსოფლიო პოლიტიკაში, რაც რუსეთის ლიდერის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. თუმცა, იგივე ლიბიის საკითხში რუსეთს დიალოგი არ აქვს მსოფლიოს ლიდერებთან, აშშ-სთან და ჩინეთთან. თეთრი სახლი გვერდიდან მაყურებლის პოზიციიდან მოქმედებს, რითაც მიანიშნებს, რომ ლიბიის და სირიის საკითხები რეგიონული პრობლემებია და რეგიონულ ლიდერებს მიანდო ამ საკითხებზე მუშაობა. ბოლო წლებში ისეთი თამაში მიდის, ნამდვილი საჭადრაკო პარტიაა და ვის რა მიზნები, რა გათვლები აქვს, ვინ რა შედეგს მიაღწევს პერსპექტივაში, დრო გვიჩვენებს.

ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ლიბიაში სრული შეთანხმების მიღწევა, ქვეყანაში სიტუაციის კონტროლზე აყვანა, მოკლე ვადებში გაჭირდება. რაც შეეხება მთლიანად ს, თუ რამდენიმე წლის წინ დავწერე, დამშვიდება არ უწერია-მეთქი, ახლა შეიძლება ითქვას, რომ უარესად მოიმატა დუღილის ტემპერატურამ და დაწევის პერსპექტივა არ ჩანს”,- წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები