ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის დებატების დროს აფხაზურ ენაზე საუბარი სავალდებულო გახდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ლინგვისტური კომისია შეიქმნა, რომელიც ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის, დებატების დროს აფხაზურ ენაზე საუბარს სავალდებულოდ გახდის.

ამის შესახებ ე.წ. კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ვალენტინ კოღონიამ განაცხადა.

„პრეზიდენტი აფხაზურ ენას თავისუფლად უნდა ფლობდეს. ანუ მას ყველა ოპერატიული სხდომების, სხვადასხვა დონის ბრიფინგების წარმართვა მშობლიურ ენაზე უნდა შეეძლოს. კომისიაში პირველად ვარ, ამიტომ ვერ გეტყვით, როგორ ჩააბარეს იმ კანდიდატებმა გამოცდა, რომლებმაც შემდგომ პირდაპირ ეთერებში აფხაზურ ენაზე საუბარი ვერ შეძლეს. ამჯერად ეს ბარიერი გამკაცრდა“,-განმარტა კოღონიამ.

მისი თქმით, ე.წ. პრეზიდენტს გამოცდის ჩაბარების დროს უნდა შეეძლოს აფხაზურ ენაზე მოჰყვეს საკუთარ თავზე, პოლიტიკური ტექსტი წაიკითხოს და საკუთარი სიტყვებით გადმოსცეს, ასევე დაწეროს თავისუფალი თემა.

ე.წ. ლინგვისტური კომისია გამოცდებს 27 და 31 იანვარს, ასევე 3,7,10 და 11 თებერვალს ჩაატარებს.

წესების დარღვევის შემთხვევებზე სანქციები ე.წ.ცესკომ უნდა დააწესოს.

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.

2019 წელს ე.წ.არჩევნების წინ, ე.წ. კანდიდატებმა აფხაზური ენის ზეპირი და წერითი გამოცდა ჩააბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები