გათბობით უზრუნველყოფისთვის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 13 859 ოჯახს ვაუჩერები გადაეცემა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 13 859 ოჯახის გათბობით უზრუნველყოფისთვის ვაუჩერების დარიგების საკითხს ეხმაურება. უწყების ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებს 200 ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. ვაუჩერის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით თანხა გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც ბუნებრივი აირით ჯერჯერობით ვერ სარგებლობენ.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია სპეციალური კომისიის (გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია) საქმიანობის გაგრძელება, ამიტომ მისივე თქმით, სახელმწიფო მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გააგრძელებს მუშაობას.

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 14 000-მდე ოჯახი მიიღებს 200 ლარიან ვაუჩერს, გათბობით უზრუნველყოფისათვის მიმდინარე ზამთარში. იცით, რომ სახელმწიფო ამ ტიპის დახმარებას, ამ ოჯახების მიმართ უკვე 2013 წლიდან ახორციელებს და ეს არის ერთ-ერთი ის საშუალება, რითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ გვერდში დავუდგეთ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც ჩადიან ყოველდღიურ გმირობას მავთულხლართების და დაბრკოლებების მიუხედავად, არ ტოვებენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ საქმიანობის გაგრძელება, რაც უკავშირდება სპეციალურ კომისიას, რომელშიც შედის ყველა სახელმწიფო უწყება და რომელიც არაერთი მიმართულებით პასუხობს ამ ადამიანების საჭიროებებს. მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გავაგრძელებთ მუშაობას, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე, რომელიც დღესაც გრძელდება, ამჯერად სოფელ გუგუტიანთკარში, არალეგიტიმური, აბსოლუტურად მიუღებელი საშუალებებით, რაც უკავშირდება ამ ადამიანების ოჯახების გაყოფას, სოფლების დაყოფას, უკანონო ბარიკადების მშენებლობას. ჩვენ განვითარებით, გვერდში დგომით, დიპლომატიური, სამართლებრივი და ყველა შესაძლო მექანიზმით ვუპასუხებთ, ამას და აუცილებლად მივაღწევთ რომ საბოლოოდ აი ეს მახინჯი დაბრკოლებები დაიშალოს საქართველოს შუაგულში”,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები