ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ფოლკლორის დარბაზი გახსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ფონდ „ქართული გალობის“ დამაარსებელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, დიპლომატიური კორპუსის და საზოგადოების წარმომადგენლები. ფოლკლორის დარბაზის მნიშვნელობაზე ისაუბრა ანზორ ერქომაიშვილმა.
დარბაზის სარესტავრაციო სამუშაოები ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა შენობის თანადროული (1912 წელი) უნიკალური კედლის მხატვრობა, რომელიც აღადგინეს სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა ნანა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით.
ფოლკლორის დარბაზში თავს მოიყრის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ფოლკლორული ჩანაწერები. აქ განთავსდება ფონოჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება. ასევე შეგროვდება ახალი მასალები.
დარბაზში განთავსდება მუდმივი ექსპოზიცია, დაინტერსებული პირებისთვის კი მათთვის სასურველი დოკუმენტების და ჩანაწერების ციფრული ვერსიებიც იქნება ხელმისაწვდომი.
ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქართული გალობა-სიმღერისა და ტრადიციული ხელოვნების სხვა დარგების თანადგომას, მათ განვითარება-პოპულარიზაციასა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობას, ამ საქმეში ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობისთვის სტიმულის მიცემას. ფოლკლორის დარბაზის გახსნაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.
ღონისძიებაზე ქართული ტრადიციული სიმღერები შეასრულეს გალობის უნივერსიტეტის ქალთა ანსამბლმა და ანსამბლმა „შილდამ“.
ღონისძიება მეღვინეობა „შილდას“ მხარდაჭერით გაიმართა.
„ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო და ფონდ „ქართულ გალობასთან“ და მეღვინეობა „შილდასთან“(ნანა გოთუას დიდი ჩართულობით) გაფორმებული მემორანდუმის შედეგად სრულიად უნიკალური შედეგი მივიღეთ. მათი მხარდაჭერით, ორწლიანი უდიდესი შრომის შედეგად სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა შენობის თანადროული (1912 წელი) უნიკალური კედლის მხატვრობა, რომელიც აღადგინეს სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა ნანა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით. ჯადოსნური ჭერი, კიბე, ავეჯი — საოცარი, ისტორიული გარემო, რომელიც დიდი საქმეებით დაიტვირთება: ფოლკლორის დარბაზში თავს მოიყრის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ფოლკლორული ჩანაწერები“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები