გია გაჩეჩილაძე: სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენების განცხადებები
სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენების განცხადებები, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ ტვ “პირველის” “დღის ამბებში” განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი აღიარებს საქართველოში თავისუფალ ბიზნესს, სხვანაირად ასეთი მოწოდების გაჟღერება შეუძლებელი იქნებოდა.
„ცალკეული კონგრესმენების, კონგრესმენთა ჯგუფის ერთობლივი განცხადება, ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს გარკვეული პოლიტიკური სპექტრის ნაწილისთვის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების, მთლიანად კონგრესის გადაწყვეტილებები, ორპარტიულად მიღებული რეზოლუციები, რომელიც საქართველოს მხარდამჭერია. ბოლოს მიღებული რეზოლუციით მათ მოუწოდეს, რომ საქართველოსთან სასწრაფოდ გაფორმებულიყო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი აღიარებს საქართველოში თავისუფალ ბიზნესს, სხვანაირად ასეთი მოწოდების გაჟღერება შეუძლებელი იქნებოდა. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურების განცხადებები და არა ცალკეული კონგრესმენებისა თუ პარლამენტის წევრების განცხადებები, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის”, – აცხადებს გაჩეჩილაძე.
მისი თქმით, სახელმძღვანელო უნდა იყოს საქართველოს ინტერესები – ეკონომიკური, პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და ა.შ. მიმართულებით.
„ამის უზრუნველყოფაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის შეერთებული შტატების პოზიცია ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ გვყავს სერიოზული მტერი, რომელიც იტაცებს ჩვენს ტერიტორიებს, იტაცებს ხალხს და სამწუხაროდ, მას კიდევ ემსახურება რბილი ძალა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში გარკვეული ოპოზიციური ძალის სახით”, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ არამარტო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლები არამედ ევროკავშირის პარლამენტის გარკვეული წევრებიც კი ზოგჯერ აკეთებენ გაურკვეველ განცხადებებს, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი სრულად ინფორმირებულები არ არიან, რა ხდება გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით.
„ფრონტერას საკითხი არის ძალიან სერიოზული. როდესაც, 2015 წელს „ფრონტერას” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოში არის იმდენი რაოდენობის გაზი, რომელიც აჭარბებს უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ლიბიის, ჩინეთის რესურსებს. მაშინ მან საქართველო სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენა. რესურსების გადანაწილების გამო მიდის გარკვეული ომები და ბრძოლები რეგიონალური მასშტაბით. ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, ამიტომ ყველა უნდა დაფიქრდეს, მით უმეტეს, პოლიტიკოსი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ამერიკაში იქნება თუ ევროპაში. როდესაც განცხადებებს აკეთებ, მხოლოდ საკუთარი კორპორაციის ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა აკეთებდე ამ განცხადებას”, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავა საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს.
„ფრონტერა” საქართველოს ბიუჯეტიდან ითხოვს სამ-ნახევარ მილიარდ დოლარს. ეს წარმოუდგენელია, რადგან „ფრონტერას” წარმომადგენლობამ თავისი საქმიანობით და ხელშეკრულების დარღვევით ზიანი მიაყენა სახელმწიფოს. ეს თანხა მართლაც რომ დაეკისროს საქართველოს ბიუჯეტს, ეს იქნება კატასტროფა. ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო – ოპოზიცია იქნება ეს თუ ექსპერტი, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამოვიდეს და არა თავისი პოლიტიკური ორგანიზაციის მერკანტილური, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი წევრი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს. ის “შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით“. მარკუეინ მალინი აცხადებს, რომ უერთდება კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის 13 დეკემბრით დათარიღებულ ბოლოდროინდელ წერილს, რომელიც ხაზს უსვამდა შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომლითაც უარი ითქვა დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე. კონგრესმენი იმედოვნებს, რომ საქართველო განაგრძობს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.