რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს
რუსეთის გენერალური პროკურორი, იური ჩაიკა, „სხვა თანამდებობაზე გადასვლის მიზეზით“, თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს.
გენპროკურორის თანამდებობაზე, ვლადიმირ პუტინმა, საგამოძიებო კომიტეტის მოადგილის, იგორ კრასნოვის, კანდიდატურა წარადგინა.
ჩაიკას თანამდებობიდან წასვლისა და კრასნოვის დანიშვნის საკითხს, ფედერაციის საბჭო 22 იანვარს განიხილავს.
საკითხის კომენტირებისას რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუბოვ სობოლმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჩაიკამ სამსახური კი არ უნდა შეიცვალოს, არამედ მსჯავრდებულთა სკამზე უნდა იჯდეს, „ბიზნესმენ“ შვილებთან ერთად. მან პროკურატურის დისკრედიტაცია მოხდინა, დაანგრია, დანაშაულზე თვალს ხუჭავდა და ახლა, ასე მარტივად, „სხვა სამსახურში“ გადადის?“.
იური ჩაიკა რუსეთის გენერალური პროკურორის თანამდებობას, 2006 წლის ივნისიდან იკავებს.