“დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის” ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ინფორმაციით სოფელ ზარდიანთკარში მცხოვრებ 51 წლის გენადი ბესტაევს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბესტაევი სეპარატისტული ძალების წარმომადგენლებმა ე. წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 2019 წლის ნოემბერში დააკავა.
მარიონეტული რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფომაციით, საქართველოს მოქალაქეს დაკავებისას 9 გრამი მარიხუანა აღმოაჩნდა.
„გენადი ბესტაევის დასახმარებლად სახელმწიფო სათანადო ძალისხმევას არ იჩენს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკართან, გასული წლის ნოემბერში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. საოკუპაციო ძალებმა დაკავებისთანავე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 51 წლის ბესტაევმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას მიმართავს, რომ გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა საკუთარი მოქალაქის გასათავისუფლებლად. ქვეყანაში არცერთ მოქალაქეს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მისი თავისუფლება სახელმწიფოსთვის ღირებულებას არ წარმოადგენს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
როგორც „რეგიონულ კვირას“ ზარდიანთკარის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა რუსუდან კილაძემ განუცხადა, ბესტაევი საოკუპაციო რეჟიმის მიერ აქამდეც არაერთხელ ყოფილა დაკავებული, თუმცა ინფორმაცია მისი 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ არ აქვს.
„ამ დროისთვის არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. გეტყვით მხოლოდ იმას რომ გენადი ბესტაევი ამ დომდეც არაერთხელ ყოფილა დაკავებული საოკუპაციო ძლაების მიერ. თავად ზარდიანთკარშიც არავინ ყავს . მისი ცოლშვილი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე ცხოვრობს“, – განაცხადა რუსუდან კილაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ქართულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია.