აჭარა 2019 წლის საუკეთესო სპორტულ რეგიონად დასახელდა

აჭარა 2019 წლის საუკეთესო სპორტულ რეგიონად დასახელდა. ჯილდო, 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელ ღონისძიებაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეცა.
„2019 წელს ბათუმი გახდა ევროპის სპორტის ქალაქი და მოხარული ვარ, რომ ამჯერად აჭარა გახდა წლის სპორტული რეგიონი. წლევანდელი წელი, მართლაც, მნიშვნელოვანი იყო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის მხრივ. ვუმასპინძლეთ ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში. აღსანიშნავია, რომ მალე რეგიონს შეემატება არაერთი საერთაშორისო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურა. ბათუმს ექნება ახალი უეფას სტანდარტის სტადიონი, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, ძალოსნობის დარბაზი. ვულოცავ ყველა სპორტსმენს ამ მნიშვნელოვან აღიარებას “, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
2019 წლის სპორტული მოვლენების დასკვნითი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
საუკეთესოები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ, ასევე დაწესებული იყო 14 სპეციალური პრიზი.
ტიტული მიენიჭა ექვს სპორტსმენს, რომლებმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში არასდროს ჰყოლია 6 მსოფლიოს ჩემპიონი.
საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები – ლაშა გობაძე (ბერძნულ–რომაული ჭიდაობა), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა) და ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ–რომაული ჭიდაობა) გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები