გია ვოლსკი: კონგრესმენის განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის, “ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის, რესპუბლიკური პარტიის წევრის, მარკუეინ მალინის წერილი შეაფასა.
ვოლსკის თქმით, კონგრესმენის განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის, “ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება.
“კონკრეტულად კონგრესმენის განცხადება ახალი არ არის. 2017 წელსაც იყო ეს განცხადება, რეზოლუციაც მოამზადა, თუმცა არ განხილულა იმდენად, რამდენადაც უსაფუძვლოა და ერთ კონკრეტულ კომპანიას „ფრონტერას“ უკავშირდება. კომპანია 1994 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ლაპარაკობს, რომ გაზის დიდი მარაგი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ჯერ ამის თაობაზე არავის არაფერი სმენია. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, აქ ნამდვილად გადაჭარბებული კი არა, რაღაც არაზუსტ ინფორმაციასთან, რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, რადგან დღიდან დამოუკიდებელი საქართველოს დაარსებისა, აი ამ დონეზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, ფინანსური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სტრატეგიული, სამხედრო, რა ვიცი, ყველანაირად, ასეთ მაღალ დონეზე არასდროს არ ყოფილა. რაც შეეხება „ფრონტერას“ თემას, ნავთობისა და გაზის კორპორაცია ალბათ უფრო ზუსტად იტყვის, რადგან მთავარი რაც არის, სტოქჰოლმის არბიტრაჟში მიმდინარეობს მათ შორის დავა. ეს არის კომერციული დავა და რითიც დამთავრდება, ის იქნება გასათვალისწინებელი როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის მიმართ. ასე რომ, მე ვფიქრობ, განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება“,- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილი გამოუგზავნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო, მისი კოლეგების მოსაზრებებს უერთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები