ზვიად კუპრავასა და ლაშა ქურციკიძეს სასამართლომ 600-600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად დღეს დაკავებულ ლაშა ქურციკიძეს სასამართლომ 600-600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მოსამართლემ, თამარ ოქროპირიძემ ორივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. ხოლო რაც შეეხება 173-ე მუხლს – კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისივე გადაწყვეტილებით, აღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდება მათ მოეხსნათ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა დღეს აქცია გამართეს. მათ უწყებასთან ბოტასები მიიტანეს და გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს. ინციდენტის დროს მასთან ერთად დააკავეს ლაშა ქურციკიძეც.