რომელ პარტიასთან თანამშრომლობს NDI წლებია და რატომ არის მუდამ მცდარი მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები – POSTV – “მედია რენტგენი”

რომელ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობს NDI წლებია და რატომ არის მუდამ მცდარი მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საქართველოში სხვადასხვა წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს POSTV-ს გადაცემამ “მედია რენტგენი” მოუყარა თავი.

“NDI საქართველოსთან 2003 წლიდან თანამშრომლობს. მუშაობდა საქართველოს პარლამენტთან, პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამით ყველაფერი ნათქვამია, რადგან ყველას გვახსოვს თუ ვინ მოვიდა ხელისუფლებაში 2003 წელს და ვისთან თანამშრომლობდა NDI”, – ამბობს გადაცემის წამყვანი ლიზა გეგეჭკორი.

მისი თქმით, თუ ამ ინსტიტუტის კვლევების შედეგებს გადავხედავთ, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ  NDI დღემდე სწორედ ამ პოლიტიკურ გაერთიანებასთან და მის გამხმოვანებელ ტელეკომპანიებთან თანამშრომლობს.

„ამ ინსტიტუტზე ვიცით, რომ წლებია ატარებს გამოკითხვებს ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე. სად ატარებს ამ გამოკითხვას, ეგ სხვა საკითხია. ვიცით, რომ ადრე რუსთავი-2-ისა და დღეს ე.წ მთავარი არხის მიერ პიარდება, როგორც ყველაზე სანდო და გამჭვირვალე გამოკითხვების შედეგების ავტორი.

ჯერ კიდევ 2012 წელს, NDI დებდა კვლევას, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას” მხარს მოსახლეობის 18% უჭერდა. მოგვიანებით ცესკო აქვეყნებს ოფიციალურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „ქართულ ოცნებას” მხარს მოსახლეობის 55% უჭერდა.

2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ენდიაიმ გამოაქვეყნა მორიგი კვლევის შედეგები და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს მოსახლეობის 10% უჭერდა მხარს. ცესკოს მონაცემებით კი მარგველაშვილის მხარდამჭერი მოსახლეობის 61% -ია.

2014 წელი – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს ნიკა გვარამიას ტელევიზიის მიერ ესოდენ სანდოდ გამოცხადებული კვლევების ინსტიტუტი NDI  კვლავ  ცდება. ამჯერად ნარმანიას – 39%-ს უწერს, ხოლო ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომპანია გადამწყვეტ 46%-ს.

არც 2016 წელს ვიღებთ განსხვავებულ სურათს, ისევ მკვეთრი და აშკარა სხვაობა – ამჯერად ენდიაიმ „ქართულ ოცნებას” 15% დაუწერა, ხოლო საბოლოო შედეგების მიხედვით მან ხმათა 48% აიღო.

2017 წლის მერის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას კახი კალაძე იღებდა. იმდროინდელი რუსთავი -2-ისთვის  სანდო და ავტორიტეტულმა NDI -მ კალაძეს 30% დაუწერა, ცესკომ კი  51% .

 და ბოლოს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ NDI -ს მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად სალომე ზურაბიშვილს მოსახლეობის 14% უჭერდა მხარს, ცესკოს მონაცემებით კი ზურაბიშვილმა პირველ ტურში 38% აიღო.

ის, თუ როგორი სანდო ან ავტორიტეტულია NDI  და მის მიერ ჩატარებული მოკვლევა-გამოკითხვები თავად გადაწყვიტეთ”, – ამბობს გადაცემის წამყვანი.

ავტორი NDI  -ის მიერ მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულ შედეგებზეც საუბრობს, საიდანაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილს დადებითად გამოკითხულთა 26% აფასებს, ხოლო ნეგატიურად 39%, ბიძინა ივანიშვილს 49% აფასებს ნეგატიურად და 17% დადებითად, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი კი 29 პროცენტით უსწრებს ბიძინა ივანიშვილს. მისივე თქმით, ორი დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მთავარ არხს 1,5-ჯერ მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე რუსთავი 2-ს.

„2012 წელს NDI – ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ოპოზიციური ლიდერებიდან გამოკითხულთა 54% გიორგი თარგამაძეს უჭერდა ხმას, რომელმაც ბარიერიც კი ვერ გადალახა, 49% ინგა გრიგოლიას, 40% კი ბიძინა ივანიშვილს” – იხსენებს გადაცემის წამყვანი.

მედია რენტგენის გუნდი დაინტერესდა, ვინ გამოკითხა NDI -მ და თბილისის მოსახლეობას თავად მიმართა კითხვით – გამოუკითხიხართ თუ არა ოდესმე ენდიაის თანამშრომელს? რაზეც პასუხი იყო – არა.

„აქ ის კი არ არის უხერხული, რომ რომელიღაც კვლევითი ინსტიტუტი კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასიკეთოდ მუშაობს, არამედ ის, რომ მედიასაშუალება ცდილობს მოსახლეობას ეს რეალობას აცდენილი გამოკითხვები და ამ გამოკითხვების შედეგები სანდოდ და საიმედოდ შეუფუთოს და ისევ და ისევ მოსახლეობა მოატყუოს. ის არის სამარცხვინო, რომ მთელი დღის განმავლობაში ე.წ. „მთავარი არხი” ზის და პირველ ამბად ყვება ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი კვლევითი ინსტიტუტის, NDI -ის შედეგებს, რომლებიც როგორც წლებია, ისევე ახლაც კოსმიურად აცდენილია რეალობას, დროს და ლოგიკას”, – ამბობს ლიზა გეგეჭკორი.

გადაცემის ბმული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები