ბაია კვიციანმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
“შეხვედრა პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში გაიმართა და მის მიზანს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ინკლუზიური
სერვისების განვითარება და ამ პროცესში საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობელთა ჩართულობის გაძლიერება წარმოადგენდა.
როგორც ბაია კვიციანმა აღნიშნა, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება და აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისების განვითარება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ინდივიდუალური ასისტენტის როლს, საგანმანათლებლო რესურსების ადაპტირების აუცილებლობას და არაფორმალური განათლების სერვისების შემუშავების საკითხს.
შეხვედრის ფარგლებში მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ თავიანთი ინიციატივები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
მშობლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაია კვიციანმა თბილისის N61 საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასი დაათვალიერა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.