„გამოსავალი მხოლოდ დიალოგშია“ – ზაალ კასრელიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთზე საუბრობს
გამოსავალი მხოლოდ დიალოგშია, – ამის შესახებ „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დიალოგის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კასრელიშვილი პრემიერ გიორგი გახარიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას განცხადებებს გამოეხმაურა.
„მივესალმები აფხაზეთის მხარის განცხადებას და დიდი კმაყოფილებით მხარს ვუჭერ საქართველოს პრემიერის განცხადებას, გამოსავალი მხოლოდ დიალოგშია. როგორც არ უნდა მძიმე და მიუღებლი იყოს გარკვეული ფენებისთვის, დიალოგია გამოსავალი. დანარჩენი ბუნებრივად გამოჩნდება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე პოლიტიკის გარდა, ყველაფერზე, შეიძლება ვილაპარაკოთ. პირველი ესაა სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობა, ჯანდაცვა, აფხაზური კულტურის პროპაგანდა, აფხაზების როლის პროპაგანდა საქართველოს ისტორიაში , აფხაზ ბავშვებს უნდა მივცეთ საშუალება, საქართველოში ისწავლონ, ასევე უფასო მკურნალობის საკითხი. ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი. მაინც და მაინც ულტიმატუმებით და პოლიტიკური თემებით ნუ დავიწყებთ ლაპარაკს“- განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
ცნობისთვის საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარია ასლან ბჟანიას ინტერვიუს გამოეხმაურა .
„„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა და რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა გახარიამ.
ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა ასლან ბჟანიამ ინტერვიუ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მისცა.
„დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს.
ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში – თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა.
ამიტომ ვამბობ, – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა”- განაცხადა ბჟანიამ.
დიალოგის აუცილებლობაზე რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციის წარმომადგენელმა, სერგეი შამბამაც ისაუბრა.
სერგეი შამბამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებაა საჭირო.
„ჩვენ გვჭირდება დიალოგი, რათა ნორმალური ურთიერთობები დავამყაროთ. მე ამის მომხრე ვარ და ვეწინააღმდეგები დღევანდელის მსგავსი კონფრონტაციის გაგრძელებას“, – განაცხადა შამბამ.
თამუნა შეყილაძე