უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ალექსეი გონჩარუკმა, თანამდებობა დატოვა.
შესაბამისი განცხადება გონჩარუკმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე გაუგზავნა.
მან სოციალურ ქსელში განმარტება გააკეᲗა.
„თანამდებობაზე პრეზიდენტის პროგრამის განსახორციელებლად მოვედი. ის ჩემთვის პატიოსნების და გამჭვირვალეობის მაგალითია. მაგრამ, იმისთვის რომ გავაქარწლო ყველა ეჭვი პრეზიდენტისადმი ჩვენი პატივისცემისა და ნდობის შესახებ, გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება დავწერე და გადავეცი პრეზიდენტს, პარლამენტში შემდგომი გადაგზავნის მიზნით“, – წერს ყოფილი პრემიერი.
15 იანვარს სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელიც, სავარაუდოდ, მთავრობის თათბირზე გაკეთდა. თათბირს გონჩარუკი, ფინანსთა მინისტრი ოქსანა მარკაროვა, უკრაინის ეროვნული ბანკის პირველი მოადგილე, ეკატერინა როჟკოვა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იულია კუზნეცოვა და სხვა პირები ესწრებოდნენ.
აუდიოჩანაწერიდან ჩანს, რომ შეკრებილები პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრამდე ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებს განიხილავდნენ.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, გონჩარუკი საკუთარ თავს ეკონომიკაში „არაკომპეტენტურს“ უწოდებს.
ამის შემდეგ, სავარაუდოდ, გონჩარუკი ამბობს, რომ „ზელენსკის ეკონომიკური პროცესების პრიმიტიული აღქმა აქვს. მას ესმის, რომ არსებობს გადახდის ბალანსი… გრივნა კი, ძალით გაამყარეს. ის საკითხზე პასუხს ეძებს. მას კი ამაზე პასუხი არ აქვს“. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, გონჩარუკი ამბობს, თუ რა უნდა უთხრან პრეზიდენტს. საუბარია იმაზე, რომ თითქოს გრივნას გამყარება მთავრობისადმი ნდობით აიხსნება, „ასე უნდა წარმოვაჩინოთ, ძალიან დამაჯერებლად უნდა ვისაუბროთ“.
როგორც პოლიტოლოგმა მიხეილ ჩაპლიგამ განაცხადა, „ზელენსკის გარემოცვა განიხილავს იმას, თუ როგორ უნდა გააბრიყვონ პრეზიდენტი. მოსმენილიდან ჩემთვის, ბუნებრივია, ბევრი რამე იყო ცნობილი, მაგრამ არ მეგონა, თუ პრეზიდენტის გარემოცვა და მთავრობა, მას იდიოტად მიიჩნევს“.