ე.წ.სამხრეთ ოსეთის დეპუტატი:„ე.წ. სამხრეთ ოსეთის და საქართველოს ურთიერთობის დალაგება საჭიროა და ეს ადრე თუ გვიან მოხდება”

„აფხაზეთმა საკუთარი ბედი თვითონ უნდა განსაზღვროს, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობის ჭრილში, მათ თავისი ისტორია აკავშირებთ“, -ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეპუტატმა, ამირან დიაკონოვმა, განაცხადა.

„საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის ისტორიული ასპექტების გათვალისწინებით, აფხაზეთში ოდნავ განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე სამხრეთ ოსეთშია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შემადგენლობაში შესვლამდე, აფხაზეთი მოკავშირე რესპუბლიკა იყო. საქართველოსთან მას თავისი საკითხები აკავშირებს, მათ შორის, აფხაზეთში ქართველების ძალით ჩასახლების საკითხი, განსხვავებული ისტორიული და სამართლებრივი ასპექტები“,-აღნიშნა დიაკონოვმა.

მისი თქმით, „ე.წ. სამხრეთ ოსეთის და საქართველოს ურთიერთობის“ დალაგება საჭიროა და ეს ადრე თუ გვიან მოხდება.

„სხვა საკითხია, რა პირობებით შეიძლება დალაგდეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა. გათავისუფლდება თუ არა საქართველო ფაშიზმისგან? აღიარებს თუ არა ჩვენს დამოუკიდებლობას? 20-ანი წლების გენოციდს თუ აღიარებს, 90-ანი და 2000-ანი წლების აგრესიას? გაათავისუფლებს თუ არა ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას საკუთარი სამხედრო წარმონაქმნებისგან, რომლებიც სამხედრო-პოლიტიკური დესტაბილიზაციის წყაროს წარმოადგენენ? ამ საკითხებთან დაკავშირებით, ყველაფერი საქართველოს პოზიციაზეა დამოკიდებული“,-აღნიშნა დეპუტატმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა ასლან ბჟანიამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგი შუამავლების გარეშე უნდა იყოს”.

მისი თქმით, „დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში – თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა. ამიტომ ვამბობ, – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები