რუსეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი გახდა.
მის კანდიდატურას მხარი რუსეთის სახელმწიფო დუმამ, ვლადიმირ პუტინის წარდგინებით, დაუჭირა.
მიშუსტინი, ქვეყნის ფედერალურ საგადასახადო სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა.
მიხეილ მიშუსტინი 1966 წლის 3 მარტს დაიბადა, დამთავრებული აქვს „სტანკინის“ ინსტიტუტი.
საგადასახადო უწყების სხვადასხვა თანამდებობაზე 1998 წლიდან მუშაობს; 2009 წელს რუსეთის პრეზიდენტის საკადრო რეზერვის წევრი გახდა; 2010 წლის აპრილში კი, ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა.
რუსულ მედიაში, დღეს, მიშუსტინის ქონებრივი დეკლარაცია გასაჯაროვდა, რომლის მიხედვით, მიშუსტინმა “რუბლევკაზე” მქონე ელიტური აგარაკის შესახებ ინფორმაცია დამალა.
„პროექტი“ იტყობინება, რომ მიხეილ და ვლადლენა მიშუსტინებს, რუბლევკაზე 900კვ/მ ფართობზე მდებარე სახლი და 5,5 კვ/მ მიწის ნაკვეთი აქვთ. ქონება 2001 წელს იქნა შეძენილი, მაშინ როდესაც მიშუსტინი გადასახადების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
რუსეთის რეესტრში ამჟამად ნათქვამია, რომ სახლს და მიწის ნაკვეთს ორი პირი ფლობს, თუმცა მათი სახელების ნაცვლად „რუსეთის ფედერაცია“ წერია.
2018 წელს რუსეთის პრემიერმა 18,7 მლნ რუბლის შემოსავალი დაადეკლარირა, მისმა მეუღლემ 47,7 მლნ რუბლის ოდენობის. ასევე მეუღლეებს ეკუთვნის 141,6 კვ/მ ბინა და ავტომობილი Ford Cougar.