გია ვოლსკი: “ენდიაის“ კვლევები არჩევნების შედეგებს მუდმივად აცდენილია
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)” მიერ გამოქვეყნებული კვლევები შეაფასა.
მისი თქმით, “ენდიაის“ კვლევები არჩევნების შედეგებს მუდმივად აცდენილია.
„არადემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორც მათი კვლევა აჩვენებს, სულ ცოტა ასეთ ორგანიზაციას აუკრძალავდნენ საქმიანობას. მათი კვლევები მუდმივად აცდენილია არჩევნების შედეგებთან, რაც მთავარი ინდიკატორია იმისა, თუ რატომ ვეთანხმები ან არ ვეთანხმები ამ კვლევებს. გარდა ამისა, მე თავად მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ პარლამენტის საქმიანობის შესახებ საზოგადოებამ პრაქტიკულად მინიმალური იცის. პარლამენტის საქმიანობა ფასდება მხოლოდ იმ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეჯახებებით, რასაც მედია, როგორც დაინტერესებული მხარე აშუქებს. რა კანონები იქნა მიღებული მიწებთან დაკავშირებით, მიწების რეგისტრაციაზე, ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებასთან დაკავშირებით, საზოგადოების წევრებმა, გამოკითხულები არ იციან და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვასაც არ სვამს ორგანიზაცია, ვფიქრობ, შეგნებულად, რომ არ ჰქონდეს საზოგადოებას მეტი ანალიზის საშუალება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის “ენდიაის“ კვლევების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტი “ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 13 პროცენტი – “ნაციონალურ მოძრაობას“, 14 პროცენტი – არც ერთ პარტიას.