„კინოს მოყვარულებს ეროვნული ბიბლიოთეკის კინობიბლიოთეკა გელით“

15 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში კინობიბლიოთეკა გაიხსნა.
დარბაზში მკითხველს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ყველაფერს კინოს შესახებ. აქ განთავსებულია როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურა, აფიშები, ბუკლეტები, ფლაერები, პერიოდიკა კინოს შესახებ.
როგორც „კვირას“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, დასაწყისისთვის აქ მოსულ მკითხველს არც ისე ბევრი, მაგრამ ძალიან საინტერესო ინგლისურენოვანი გამოცემები და მყუდრო სამუშაო სივრცე დახვდება. მომავალში კიდევ უფრო გამდიდრდება გამოცემების ნუსხა.
მანამდე კი, ვისაც სურვილი გექნება, ის რაც გემეტებათ – კინოპოსტერი, ბუკლეტი, ფლაერი… მოგვაწოდეთ და დაურთეთ თქვენი სახელი. თქვენ მიერ მოწოდებული მასალები დარბაზში განთავსდება“.
„კინობიბლიოთეკის გახსნა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აქ განთავსებულია პროფესიონალების მიერ შერჩეული როგორც თეორიული, ისე მხატვრული ლიტერატურა კინოზე. წარმოდგენილია წიგნები ყველა ქვეყნის კინოს შესახებ. მათ შორისაა ენციკლოპედიური გამოცემებიც, რითაც ვამაყობთ. ეს ლიტერატურა ძალიან ძვირფასი და ძვირადღირებულია და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა როგორც სტუდენტებისთვის, ისე ლექტორებისა და მკვლევრებისთვის. ამ ლიტერატურის ინტერნეტში მოძიება მხოლოდ ფრაგმენტულადაა შესაძლებელი. სრულად კი მათ მხოლოდ კინობიბლიოთეკაში გაეცნობით.
მომავალში ვგეგმავთ პროფილის გამრავალფეროვნებას და ამ სივრცეში ლექციების, განხილვების, შეხვედრების და სხვა ღონისძიებების გამართვას. ძალიან ბევრი საჩუქარი მივიღეთ გახსნის დღეს და მომავალშიც ველოდებით შემოწირულობებს, რომელიც ბიბლიოთეკის ფონდს გაამდიდრებს“, – აცხადებს მწერალი, ჟურნალისტი ნენე კვინიკაძე.
„ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესანიშნავი კინობიბლიოთეკა გავხსენით. ბიბლიოთეკა საინტერესოა როგორც ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, ასევე მკვლევრებისთვისა და კინოს შესახებ ინფორმაციით დაინტერესებულთათვის. კინოს მოყვარულებს კინობიბლიოთეკა უკვე გელოდებათ“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები