რა მიზეზით დატოვა თანამდებობა მედვედევმა – “პრეზიდენტს უნდა მივცეთ შესაძლებლობა ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიიღოს”

რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. აღნიშნული, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ფედერალური საკრებულოსადმი მიმართვის შემდეგ მოხდა, რომლის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის კონსტიტუციაში რიგი ცვლილების შეტანა დააანონსა, რომელიც მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტსაც შეეხება.

როგორც მედვედევმა პუტინის მიმართვის კომენტირებისას აღნიშნა, „ეს ცვლილებები, როდესაც ისინი დამტკიცებული იქნება, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანს არა მხოლოდ კონსტიტუციის რიგ მუხლში, არამედ მთლიანად მთავრობის ბალანსში, აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებების ბალანსში. ამ კონტექსტში ცხადია, რომ ჩვენ, როგორც რუსეთის ფედერაციის მთავრობა, პრეზიდენტს უნდა მივცეთ შესაძლებლობა ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიიღოს და ამ პირობებში, ვთვლით, რომ სწორი იქნებოდა, კონსტიტუციის 117 მუხლის შესაბამისად, რუსეთის მთავრობა, ამჟამინდელი შემადგენლობით, გადადგეს“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

ამასთან, პუტინმა გადამდგარ მთავრობას, ახალი კაბინეტის ფორმირებამდე, მოვალეობის შესრულება სთხოვა. მთავრობის შემადგენლობას პრეზიდენტი დააკომპლექტებს.

„ჩემი მხრივ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც გაკეთდა ჩვენი ერთობლივი მუშაობის ამ ეტაპზე. მინდა კმაყოფილება გამოვხატო იმ შედეგებით, რომელიც არის მიღწეული. ყველაფრის გაკეთება ვერ მოხერხდა, მაგრამ ყველაფრის გაკეთება, სრული მოცულობით, არასდროს ხერხდება“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები