გახდება თუ არა პუტინი მეორედ, ქვეყნის პრემიერი – რუსეთის ლიდერი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის წინადადებით გამოვიდა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ფედერალურ საკრებულოს მიმართა, სადაც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციტივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო დუმამ უნდა დაამტკიცოს.
მისი თქმით, ამჟამად რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი, სახელმწიფო დუმის თანხმობით, ქვეყნის მეთაურს ნიშნავს, ამის შემდეგ თავად არჩევს მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს, მის მოადგილეებს და ფედერალურ მინისტრებს.
„გთავაზობთ, აღნიშნული წყობა შევცვალოთ და სახელმწიფო დუმას არა მხოლოდ კანდიდატურაზე შეჯერება, არამედ მთავრობის მეთაურის დანიშვნა დავავალოთ. ამის შემდეგ, მთავრობის მეთაურის წარდგინებით დუმამ დაამტკიცოს ვიცე-პრემიერები და ფედერალური მინისტრები. პრეზიდენტი კი, კანდიდატურებს თანამდებობებზე დაამტკიცებს, ანუ პარლამენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს“,- განაცხადა პუტინმა.
მანვე აღნიშნა, რომ ყველაფერი ზემოთაღნიშნული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებას მოიტანს.
2024 წელს ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, რუსეთში, გასული წლიდან მითქმა-მოთქმა არ მთავრდება. საექსპერტო საზოგადოება თვლის, რომ რუსეთის ლიდერი, მაღალი ალბათობით, 2024 წლის შემდეგ „სახლში არ წავა“, თუმცა როგორ მოხდება მისი ძალაუფლების შენარჩუნება უცნობია.
პუტინის მომავალს უცხოური მედიაც ეხმიანებოდა. ასე, მაგალითად, ივლისში Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა, არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში როგორც პრემიერი „გაფართოებული საკონსტიტუციო უფლებამოსილებით“ დარჩეს. პრეზიდენტის მრჩევლები 2021 წელს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაზე ფიქრობენ, რომ განახლებულ დუმაზე კონტროლი შეინარჩუნონ (შემოდგომას რუსეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება).
გამოცემა წერდა, რომ კრემლი ისეთ სცენარს განიხილავს, როდესაც პრემიერის საკონსტიტუციო უფლებამოსილება გაფართოვდება, პრეზიდენტის კი, პირიქით, შემცირდება. ამისთვის, კი მმართველ „ედინაია როსიას“ ხმების უმრავლესობა დასჭირდება. შესაბამისად, კრემლის მრჩეველები, კანონმდებლობის იმგვარ ცვლილებაზე ფიქრობენ, როდესაც „ედინაია როსიას“ წევრები კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატებად იყრიან.
კრემლთან დაახლოებულმა ორმა წყარომ „ბლუმბერგს“ მაშინ განუცხადა, რომ ასეთი სცენარი პუტინს მისცემს შესაძლებლობას ხელისუფლებაში 2024 წლის შემდეგაც დარჩეს – ის „მმართველი პარტიის თავმჯდომარე და გაფართოებული საკონსტიტუციო უფლებამოსილების მქონე პრემიერ-მინისტრი გახდება“.