„აქ საუბარი, შეიძლება, იყოს ჰუმანიტარულ საკითხებზე“- აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შამბას განცხადებას ეხმაურება

აქ საუბარი, შეიძლება, იყოს ჰუმანიტარულ საკითხებზე, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციის წარმომადგენელის, სერგეი შამბას განცხადებასთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
სერგეი შამბამ ა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებაა საჭირო.
„ჩვენ გვჭირდება დიალოგი, რათა ნორმალური ურთიერთობები დავამყაროთ. მე ამის მომხრე ვარ და ვეწინააღმდეგები დღევანდელის მსგავსი კონფრონტაციის გაგრძელებას“, – განაცხადა შამბამ.

გამახარიას განცხადებით, შამბა გულისხმობდა იმას, რომ ადამიანებს, პოლიტიკოსებს შორის იყოს ურთიერთობა და მათ ერთმანეთთან რუსეთის გარეშე ისაუბრონ.
„აფხაზურ სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურად იხილავენ საქართველოსთან დაკავშირებულ განცხადებებს, რომელიც სოხუმში გაკეთდა, მათ შორის შამბას განცხადებასაც. იქ პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ქართულ მხარესთან, მათი აზრით, საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხზე. შამბა ისეთი ბრიყვი არ არის, რომ მაინცდამაინც ეს ეგულისხმა. ალბათ, ამას არ გულისხმობდა, მან ძალიან კარგად იცის, საქართველო არასდროს აღაირებს აფხაზეთს. აქ საუბარი შეიძლება იყოს რაღაც ჰუმანიტარულ საკითხებზე. უამრავი პრობლემა არსებობს, რომელიც არ არის მოგვარებული, რის გამოც ორივე მხარეს, როგორც ენგურს იქით, ასევე ენგურს აქეთ, ადამიანები იტანჯებიან. ამ ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა, იყოს გარკვეული დიალოგი. შამბა სწორედ ამას გულისხმობს. შამბა, ჩემი ღრმა რწმენით, გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს, პოლიტიკოსებს შორის იყოს ურთიერთობა, ისაუბრონ, იურთიერთონ ერთმანეთთან რუსეთის გარეშე. ამას მხოლოდ მივესალმებით. რა შედეგს მოიტანს, ეს საკითხის მეორე მხარეა, მაგრამ დიალოგი ყოველთვის სჯობს იმ ვითარებას, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. დიალოგი ნებისმიერ საკითხზე, გარდა, რასაკვირველია, აღიარებისა. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია და მათ ეს კარგად იციან. თუ ამ დიალოგის შედეგად, გაუმჯობესდება გალის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობა, თუ მიმოსვლა ორივე მხარეს შესაძლებელი გახდება, რატომ არის ეს ცუდი? ეს კარგია და ასეთ დიალოგს ყოველთვის მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა გამახარიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები