არჩილ თალაკვაძე: დროშა არის თითოეული მოქალაქის და ყველას გვაერთიანებს
ჩვენი დროშა აკავშირებს მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მთელს მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, გურიაში, ერისთავების ციხე-სიმაგრეში გამართულ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, დროშა გამოხატავს ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ თვითმყოფადობას.
„14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. დროშა გამოხატავს ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ თვითმყოფადობას. ჩვენი დროშა აკავშირებს მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მთელს მსოფლიოში. მას სიამაყით ატარებენ ჯარისკაცები, პოლიციელები, სპორტსმენები და ყველა სხვა პროფესიის ადამიანი, ვისთვისაც სამშობლო და სახელმწიფო არის მნიშვნელოვანი.
ჩვენ ვაშენებთ ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპულ სახელმწიფოს. სახელმწიფოს, სადაც ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული, სადაც პატივს ვცემთ ყველანი კანონის უზენაესობას და სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ემსახურება ადამიანს. სწორედ ასეთი სახელმწიფო გვჭირდება ჩვენ და სწორედ ასეთი სახელმწიფოს მშენებლობაზე ვართ ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკვე 20 წელია, რაც საქართველოს დროშა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანათა დროშების გვერდითაა და წელს საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა, რითაც ქვეყანას ეძლევა ახალი შესაძლებლობა, რომ ევროპული ღირებულებების განმტკიცებისთვის თავისი წვლილი კიდევ მეტად შეიტანოს და უფრო აქტიურად დააყენოს საკითხები ევროპის საბჭოს დღის წესრიგში. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს არის უდაოდ საპატიო მისია და საქართველოს დღეს აქვს ეს შესაძლებლობა.
არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და ღონისძიების გამართვისათვის მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილის შერჩევისთვის მადლობა გადაუხადა.
„ამ სასახლის, ამ ციხე-სიმაგრის განახლებაც თავისთავად გამოხატავს იმას, რომ ჩვენ ვუბრუნდებით უფრო ახლოს, უფრო მეტად ჩვენს ისტორიას და ვქმნით უფრო ძლიერ კავშირებს ისტორიას, აწმყოსა და მომავალს შორის, ვინაიდან დროშის, თვითმყოფადობის, იდენტობისა და კულტურის გარეშე, რა თქმა უნდა, არც მომავალი არ არსებობს და კიდევ ერთი, ალბათ, სიმბოლური მომენტი არის ის, რომ ტრადიციის მიხედვით დროშას აღმართავს საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი და ასევე, სასწავლო წლის დაწყების დროს დროშას აღმართავენ ბავშვები, მოსწავლეები, რომლებიც ვფიქრობ, რომ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი მომავლის ღირსეული წარმომადგენლები არიან.
დროშა არ არის მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გამომხატველი. დროშა არის თითოეული მოქალაქის, დროშა აერთიანებს ყველა ადამიანს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.