“მოიხადოს ბოდიში და უარყოს ცილისწამება” – თელავის მერი პროფესორის ბრალდებას პასუხობს
თელავის მერი – შოთა ნარეკლიშვილი პროფესორ თენგიზ სიმაშვილისგან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ნარეკლიშვილი მასზე თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულა, ბოდიშის მოხდას ითხოვს.
მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნული განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. ნარეკლიშვილის თქმით, მისი მისამართით ცრუ ბრალდება გაჟღერდა და თუ სიმაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, საკითხს სამართლებრივი გზით გადაწყვეტს.
“სიმაშვილისგან ვითხოვს ბოდიშის მოხდას საჯაროდ, როგორც პრესის ისე, სოციალური ქსელის მეშვეობით, რომელსაც ის საკმაოდ აქტიურად იყენებს. უნდა მოიხადოს ბოდიში და უარყოს ის ცილისწამება, რომელიც მან ჩემს მიმართ გააჟღერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავ ყველა სამართლებრივ გზას, რომელიც არსებობს ამ შემთხვევაში. მას უნდა ეყოს იმის გამბედაობა, რომ ეს გააკეთოს“-, განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
შეგახსენებთ,რომ თელავის უნივერსიტეტის პროფესორს და ისტორიკოსს საკუთარ სახლში, თელავის მკვიდრი, გოჩა გოდერძიშვილი თავს დაესხა. დაზარალებული თავდასხმის სავარაუდო მიზეზად, მის მიერ წამოწყებულ კამპანიას ასახელებდა,რომლის ფარგლებშიც თელავში, გიგოს გორაზე მემორიალური პარკის გახსნა იგეგმება.
თავდასხმისფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსსკ-ის ის 126-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო,რაც ძალადობას გულისხმობს.