რუსთაველებს უსიამოვნო სუნი აღარ შეაწუხებთ – სოკოს ქარხანა დასახლებული პუნქტიდან გადააქვთ
რუსთავში სოკოს ქარხანა “თეთრი ქუდი”, რომლის გამოც ქალაქში უსიამოვნო სუნი იგძნობოდა, ადგილმდებარეობას იცვლის და კომპოსტირების საამქრო დასახლებული პუქტიდან მოშორებით გადააქვთ.
კომპოსტირება, რომელსაც სოკოს საწარმო ახორციელებს, 24- საათიანი, უწყვეტი ციკლია, რომლის შედაგადაც შექმნილი ნიადაგით სოკო მოჰყავთ.
სოკოს საწარმო “თეთრი ქუდის“ დირექტორმა რენატო გრიგორიანმა რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას წერილობით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ უკვე დაწყებულია სხვა ტერიტორიაზე გადასვლის პროცესი და შეძენილია ახალი დანადგარები. ასევე წერილში აღნიშნულია,რომ იქამდე ,სანამ კომპოსტირების საამქრო ქალაქიდან მოშორებით გადავა, საწარმოს ტექნიკური ინვენტარის გადაიარაღება მოხდება,რაც კომპოსტის წარმოების 45%-მდე შემცირებას გულისხმობს.
“რეგიონული კვირა” აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის დირექტორს დავით ბეგაშვილს ესაუბრა.
მისი თქმით, როდესაც მერიაში შევიდა გაცხადება უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით , მერიის მხრიდან პირველ რიგში დაიწყო ძიება საიდან მოდიოდა ის. საწარმოს აღმოჩენის შემდეგ კი, გაიარეს ეტაპები და შედეგად, საწარმოს კომპოსტირების დანადგარები დასახლებული პუნქტისგან მოშორებით გადააქვს.
” 2019 წლის ზაფხულის თვეებში მერიის ცხელ ხაზზე შემოვიდა საკმაოდ ბევრი ზარი იმის შესახებ, რომ რუსთავის შემოსასვლელში იგრძნობოდა ძალიან უსიამოვნო სუნი, რომელიც სახლებშიც აღწევდა. ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა საიდან მოდიოდა ეს სუნი და საბოლოოდ მივედით სოკოს საწარმო “შპს თეთრ ქუდამდე“, სადაც ადგილზე ხდებოდა კომპოსტირების პროცესი. ჩვენ, პირველ რიგში, მივმართეთ გარემოს დაცვის სამსახურს, რადგან მათ აქვთ ტექნოლოგიური საშუალებები, რითაც შეიძლება შევიდნენ ქარხანაში, შეისწავლონ სიტუაცია და ღონისძიებებიც გაატარონ. თუმცა, ჩვენი ძალებითაც შევედით დაწესებულებაში და ჩვენმა ლაბორანტებმა, სწრაფი ტესტების მეშვეობით, დააფიქსირეს გოგირდწყალბადის და ამიაკის გამოყოფა. შემდეგ უკვე დაიწყო მოლაპარაკება ამ კომპანიასთან. მათი მხრიდან სრულად მოხდა ამ პრობლემის აღქმა და დღეს დადგა უკვე შედეგი, რისთვისაც ვიბრძოდით ჩვენს მოქალაქეებთან ერთად,”- განაცხადა დავით ბეგაშვილმა.
“რეგიონული კვირა” საწარმოს დირექტორთან გასაუბრებასაც შეეცადა , თუმცა, მან კომენტარზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ სოკოს საწარმო “თეთრი ქუდის” წარმოების პროცესს და ქალაქში უსიამოვნო სუნს რუსთაველები რამდენიმე თვე აპროტესტებდნენ.ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, დარღვევები გამოავლინა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა. გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებიც.