აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში იანვრის ბოლოს ჩავა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროს პომპეოს უკრაინაში ვიზიტის თარიღი შეაჯერეს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი კიევს თვის ბოლოს ესტუმრება.
თავის მხრივ, მაიკ პომპეომ Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ ზელენსკის ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზის გამოძიებაში დახმარება შესთავაზა.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა 3-7 იანვარს უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და კვიპროსზე დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი, 2 იანვარს გადადო.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, ამის მიზეზი გახდა ერაყში აშშ–ის საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციები.
დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ პომპეო ვაშინგტონში უნდა დარჩეს, რათა ერაყში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდეს, ასევე ახლო აღმოსავლეთში მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება უზრუნველყოს.
მაშინ დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა, აღნიშნა, რომ ვიზიტის ახალი თარიღი “უახლოეს დროს შეჯერდება”.
ბაღდადში აშშ–ის საელჩოსთან დეკემბრის ბოლო რიცხვებში საპროტესტო აქციები გრძელდებოდა. შეკრებილები ამერიკელების მიერ “ქათაიბ ხეზბოლას” წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს აპროტესტებდნენ. იერიში საპასუხო ხასიათს ატარებდა, რომლის დროს ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.
აშშ–ის პრეზიდენტმა საელჩოსთან არეულობის მოწყობაში ირანი დაადანაშაულა და თეირანი გააფრთხილა, რომ ის “სრულ პასუხისმგებლობას აიღებს”.
აღნიშნულ მოვლენებს ბაღდადში 3 იანვარს, ამერიკელი სამხედროების მიერ ირანის გუშაგთა კორპუსის სპეციალური ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ ხელმძღვანელის, გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოჰყვა.