ხაჯიმბამ ე.წ. ადმინისტრაცია დატოვა – შენობაში შეჭრილები მის გადადგომას ითხოვენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ, სოხუმში ე.წ. ადმინისტრაციის შენობა დატოვა.

მანამდე, შენობაში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ.

სამართალდამცველებთან შეტაკების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

დღეს, ე.წ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ალხან კვიწინიას სარჩელს, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანცია განიხილავს.

კვიწინია ე.წ. არჩევნების შედეგის გაუქმებას ითხოვს.

ე.წ.სასამართლოს საკასაციო ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში მიღებისთანავე შედის, თუმცა ის შესაძლოა ე.წ. რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში გასაჩივრდეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში 2019 წლის 8 სექტემბერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ე.წ. ცესკოს მონაცემით, გამარჯვება მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.

თუმცა ე.წ. არჩევნებში ხაჯიმბას ოპონენტმა კვიწინიამ 11 სექტემბერს ე.წ. სასამართლოში ცესკოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. 20 სექტემბერს კვიწინიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7 ოქტომბერს, კვიწინიამ ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო ინსტანციაში გაასაჩივრა, ამ წუთებში კი, სწორედ ამ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები