ირაკლი მეზურნიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მაინც აშენდება, უბრალოდ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გარეშე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მაინც აშენდება, უბრალოდ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გარეშე, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ერთადერთი სწორი და უალტერნატივო გადაწყვეტილება მიიღო და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ხელშეკრულება შეუწყვიტა.

“ჩვენი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია პორტების განვითარება. ჩვენ ქვეყანას ნამდვილად გააჩნია პოტენციალი რომ გახდეს რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი. საქართველოს მოსახლეობას ახსოვს და ვერავინ მოატყუებს, თუ ვინ იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინიციატორი, რომელი ხელისუფლების დროს გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა და ვინ უჭერდა მხარს ამ პროექტის განხორცილებას წლების განმავლობაში, მათ შორის: ფინანსურადაც, მორალურადაც და თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მხრივაც, იმაზე მეტადაც კი ვიდრე მას კონტრაქტით ევალებოდა. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს ვალდებულება პორტის ტერიტორიამდე რკინიგზის მიყვანაში, ასევე, გარკვეული მიწების გამოსყიდვასა და პორტისთვის გადაცემაში გამოიხატებოდა. თუმცა, დამატებით მთავრობის გადაწყვეტილებით ანაკლიის კონსორციუმს საპარტნიორო ფონდმა დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხიც გამოუყო. ინვესტორების თვალში მეტი სანდოობის მოსაპოვებლად კი ქართულმა ოცნებამ ანაკლიის პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის კონსტიტუციაშიც კი ასახა. პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო კონსორციუმთან მიმართებაში არაერთ დათმობაზე წავიდა. 2016 წლიდან დღემდე, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მოთხოვნით ხელშეკრულებაში 40-ზე მეტი ცვლილებაა შეტანილი. პროექტის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფომ კონსორციუმს საკუთარი ვალდებულებების შესრულების დრო, იმ იმედით რომ პროექტი საბოლოოდ მაინც შემდგარიყო 7-ჯერ გადაუვადა. თავის მხრივ კონსორციუმს უნდა განეხორციელებინა მისსავე მიერ ინტერესთა გამოხატვაში დაფიქსირებული ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა: 120 მილიონ დოლარიანი კაპიტალის შევსება და 400 მილიონ დოლარიანი სესხის მოზიდვა, ორივე 2017 წლისთვის. სამწუხაროდ აღნიშნული ვალდებულება, არათუ 2017, არც 2018 და ვერც 2019-ში ვერ შეასრულა. ხშირად საუბრობენ, რომ მას პროექტის განხორციელებაში ხელი შეეშალა ვითომცდა მთავრობის მიერ მის მიმართ ნეგატიური განწყობების გამო. გავიხსენოთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ 17 მილიონის გათეთრების შესახებ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ 2019 წლის იანვარში გახდა ცნობილი, ანუ მინიმუმ 1 წლით გვიან ვიდრე პროექტისთვის საჭირო ფინანსური რესურსი კონსორციუმს უკვე უნდა ჰქონოდა მოძიებული. უფრო მეტიც, პროექტის ვერ შესრულებისთვის მამუკა ხაზარაძემ არათუ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, არამედ პოლიტიკურ რეპრესიად შეაფასა და 2019 წლის ზაფხულში ორგანიზაცია ლელოც კი დააფუძნა, რითაც საბოლოოდ შევიდა ქართულ პოლიტიკაში, თავისივე შეცდომების გადასაფარად და პოლიტიკური იმუნიტეტის მიღების იმედად. ზემოთ მოცემულ თარიღებში ნათლად ჩანს ყველა ის დეტალი, რომელიც ამ საკითხის ხაზარაძისეულ მიდგომას ძალიან მარტივად არათუ აბათილებს, არამედ მის არაკომპეტენტურობას და ფულის შესაძლო გათეთრების საკითხის გადაფარვის მცდელობას უსვამს ხაზს. საქართველოს მთავრობამ მიიღო ერთადერთი სწორი და უალტერნატივო გადაწყვეტილება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულება გაუწყვიტა. სამწუხაროდ ხაზარაძის უპასუხისმგებლობის გამო ჩვენ დავკარგეთ 4 წელი. საქართველოს ხელისუფლება იყო და რჩება საკუთარი გადაწყვეტილების ერთგული. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კი მაინც აშენდება, უბრალოდ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გარეშე“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები