რატი იონათამიშვილმა სოფო ხორგუანს მიმართა: ღირსების გულისთვის ციხეში არავინ მიდის, თუ ვინმე გასამართლდა, ეს კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების საფუძველზეა – მზია ამაღლობელის და მარიამ ლაშხის საკითხი თუ ერთ სიბრტყეზე გინდათ დააყენოთ, უხერხულია

ღირსების გულისთვის ციხეში არავინ მიდის, მით უმეტეს, თუ ვინმე გასამართლდა და სასამართლოს გადაწყვეტილებაა გამოტანილი, ეს კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების საფუძველზეა, ეს არის ფაქტი, – ასე მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, გახარიას პარტიის დეპუტატს, სოფო ხორგუანს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას.

ხორგუანი გამოეხმაურა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას, მარიამ ლაშხის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ავტონომიურ რესპუბლიკებში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნა ხდება შესაძლებელი და აღნიშნა, რომ შესაძლოა მზია ამაღლობელზე თანასწორობის პრინციპი იმიტომ არ გავრცელდა, რომ ეს კანონი არ არსებობდა. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ამაღლობელი ციხეში იმიტომ არის, რომ “მან საკუთარი ღირსების დაცვა სცადა, როცა თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელმა.”

სოფო ხორგუანმა, ასევე გაიხსენა მარიამ ლაშხზე და მის მცირეწლოვან შვილებზე თავდასხმა და აღნიშნა, რომ ამაღლობელისგან განსხვავებით, მან შეძლო, საკუთარი თავის დაცვა, როცა “ახალგაზრდა ქალი 12-დღიანი პატიმრობით გაუშვა ციხეში” და ლაშხს შეახსენა, რომ მას თმენის ვალდებულება აქვს.

“თქვენ თუ ეს ორი საკითხი [მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე ძალადობა და მცირეწლოვან შვილებთან ერთად მყოფ ლაშხზე თავდასხმა] ერთ სიბრტყეზე გინდათ დააყენოთ, ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხულია. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც, კონკრეტული ძალადობის ფაქტები იყო.
თუ ვინმეს არ ესწავლება ღირსების დაცვა და მოთმინების სტანდარტი, ეს არის ქალბატონი მარიამ ლაშხი, რომელმაც ამის ძლიერი მაგალითი მოგვცა თითოეულ ჩვენგანს. მასთან მიმართებით, ვფიქრობ, ძალიან უხერხულია თმენის ვალდებულებაზე საუბარი.” – განუცხადა რატი იონათამიშვილმა ხორგუანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები