“ყოველთვის ჯობს, თუ რაღაცას არ ეთანხმებიან, მიმართონ სასამართლოს, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებს” – ლევან მაჭავარიანი
”სასამართლო რაზე რა განაჩენს გამოიტანს, მე არ ვიცი, მაგრამ ასეთი გზის არჩევა პირიქით, მისასალმებელია და ნაცვლად იმისა, რომ ქუჩაში რაღაცები იყვირონ, ყოველთვის ჯობს, თუ რაღაცას არ ეთანხმებიან, მიმართონ სასამართლოს, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
კერძოდ, ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებენ.
„ჩვენი რადიკალური ოპოზიციაც ენდობა ჩვენს სასამართლოს, რადგან იცის, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები ობიექტურობას ეფუძნება და არანაირად არ არის მიკერძოებული. ამის თვალსაჩინო მაგალითი და დასტურია ის, რომ რაც კი სტრასბურგში გაასაჩივრეს, აბსოლუტურად ყველგან დადგინდა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მაღალი სტანდარტით მოქმედებს. სარჩელების შეტანა მათი უფლება და დემოკრატიული პროცესის ნაწილია. სასამართლო რაზე რა განაჩენს გამოიტანს მე არ ვიცი, მაგრამ ასეთი გზის არჩევა პირიქით, მისასალმებელია და ნაცვლად იმისა, რომ ქუჩაში რაღაცები იყვირონ, ყოველთვის ჯობია, თუ რაღაცას არ ეთანხმებიან, მიმართონ სასამართლოს, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებს. ეს კარგად იციან, უბრალოდ, მათი მხრიდან სასამართლოს გაშავების კამპანია ემსახურება ერთადერთს – ჩვენს საზოგადოებაში კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ ნდობის ხარისხი დააგდონ და ა.შ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს.