თენგიზ შარმანაშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ქუჩიდან სასამართლოში თუ გადაინაცვლა, ამას მივესალმებით, ვნახავთ, რა საფუძვლებით შეიტანეს სარჩელი, სასამართლო დავისთვის მზად ვართ
,,ქუჩიდან სასამართლოში თუ გადაინაცვლეს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და მივესალმებით. ქუჩაში სიარულს, დესტრუქციულ ქმედებებს და რევოლუციის მოწყობას სჯობს, თუ რაიმე სამართლებრივი არგუმენტები აქვთ, სასამართლოში ვიდავოთ”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს.
შარმანაშვილის თქმით, ,,ნაცმოძრაობა” წაგებისთვისაა განწირული.
„აბსოლუტური საფუძველი გვაქვს კონსტიტუციური და დავის წაგებისთვის არიან განწირულნი. დროებითი საგამოძიებო კომისია კონსტიტუციის საფუძველზე შეიქმნა. ორი თვე გავიდა და კომისიის დასკვნის შინაარსზე ერთი პრეტენზია არ უთქვამთ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. ეს კარგის მანიშნებელია, რადგან ხვდებიან, რომ შინაარსობრივ დავაში ვერ შემოდიან. ვნახავთ, რა საფუძვლებით შეიტანეს სარჩელი, თუმცა სასამართლო დავისთვის მზად ვართ“, – განუცხადა შარმანაშვილმა ,,პირველ არხს”.