მაია ცქიტიშვილი: “ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე” მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე ვიმსჯელებთ
საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე საქართველოს მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებენ.
„ჩვენ ხვალ გვაქვს მთავრობის სხდომა, მთავრობის სხდომის ფარგლებში ვგეგმავთ ამ საკითხის განხილვასაც. ხვალ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად მოგახსენებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ანაკლიის ღრმაწყოვანი პროექტისთვის დაფინანსების მოძიების საბოლოო ვადა 2019 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. კონსორციუმმა ამავე დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კონსორციუმი არ წყვეტს მუშაობას ინვესტორთან და მიმართავს ყველა საშუალებას, რომ პროექტი არ გაჩერდეს და წინ წავიდეს. კონსორციუმის განცხადებით, არსებულ ვითარებაში, გადამწყვეტი როლი აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერას და აქტიურ ჩართულობას, განსაკუთრებით ინვესტორთან მოლაპარაკების პროცესში.
ამასთან, მიმდინარე წლის 3 იანვარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ინტერესთა გამოხატვის შედეგად მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.