მაია ცქიტიშვილი: წყალმომარაგებაში წარმოქმნილი პრობლემის რეალური მიზეზი უნალექო შემოდგომაა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გუდაურში გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ წყალმომარაგებაში წარმოქმნილი პრობლემის რეალური მიზეზი უნალექო შემოდგომაა, რაც წყლის მარაგებზე აისახება.
მინისტრის თქმით, გუდაურსა და ბაკურიანში პრობლემები იმ დასახლებებში შეიქმნა, რომლებიც სათავე ნაგებობებზე მაღლაა.
„პრობლემის რეალური მიზეზი არის უნალექო შემოდგომა, რაც აისახა წყლის მარაგებზე. ახალი წლის დღეებში, როცა დამსვენებელთა პიკური მაჩვენებელია, მოხმარება რამდენჯერმე იზრდება. შესაბამისად, გუდაურსა და ბაკურიანში პრობლემა შეიქმნა იმ დასახლებებში, რომლებიც სათავე ნაგებობებზე მაღლაა. ბაკურიანში რეალურად მხოლოდ ორ ქუჩაზე გვაქვს პრობლემა და იქაც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკური ჯგუფი, მოხდა ალტერნატიული სათავე ნაგებობის მოწყობა და იქედან წყლის მიღება, ამ ეტაპზე ტუმბოებს აყენებენ, რათა წყლის სისტემაში გაშვება მოხერხდეს. ველოდებით, რომ დღის განმავლობაში ბაკურიანშიც სრულად აღდგება წყალმომარაგება, თუმცა როგორც გუდაურში, ისე ბაკურიანში განუწყვეტლივ რეჟიმში ვაწვდით წყალმზიდების საშუალებით წყალს, ყველა იმ სასტუმროს, რომელსაც რეზერვუარი აქვს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.