ვაშინგტონს გამბედაობა არ ეყოფა ირანის 52 ობიექტზე იერიში მიიტანოს– ირანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი

 

ირანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის აბდულრაჰიმ მუსავის განცხადებით, ვაშინგტონს არ ეყოფა გამბედაობა ირანის 52 ობიექტზე დარტყმა განახორციელოს, როგორც ამას აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს.

“ეჭვი მეპარება, რომ მათ გამბედაობა ეყოთ ეს გააკეთონ”,–თქვა მუსავიმ, იტყობინება IRIB.

მას შემდეგ, რაც 3 იანვარს აშშ–ის პრეზიდენტის ბრძანებით, ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში, ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური ყასემ სოლემანი მოკლეს, რომელიც ასევე უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი, ირანსა და აშშ–ის შორის არსებული არც ისე კარგი ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა.

ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა, რაზეც ტრამპმა საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ ირანი თავის მუქარას შეასრულებს, აშშ ამას ძალიან სწრაფად და ძლიერად უპასუხებს, “მიიღეთ ეს, როგორც გაფრთხილება. თუ ირანი მიიტანს იერიშს ამერიკელებზე ან ამერიკულ ობიექტებზე, ჩვენ უკვე შევარჩიეთ 52 ირანული ობიექტი (წლების წინ ირანმა მძევლად 52 ამერიკელი აიყვანა). ეს ობიექტები ძალიან მნიშვნელოვანია ირანისა და მისი კულტურისთვის. ჩვენი დარტყმა ძალიან სწრაფი და ძლიერი იქნება. აშშ-ს მუქარის მოსმენა აღარ სურს!”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები