დონალდ ტრამპი: 52 ირანული ობიექტი შევარჩიეთ, ჩვენი დარტყმა სწრაფი და ძლიერი იქნება
თუ ირანი თავის მუქარას შეასრულებს, აშშ ამას ძალიან სწრაფად და ძლიერად უპასუხებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “Twitter”-ზე წერს.
„მიიღეთ ეს, როგორც გაფრთხილება. თუ ირანი მიიტანს იერიშს ამერიკელებზე ან ამერიკულ ობიექტებზე, ჩვენ უკვე შევარჩიეთ 52 ირანული ობიექტი (წლების წინ ირანმა მძევლად 52 ამერიკელი აიყვანა). ეს ობიექტები ძალიან მნიშვნელოვანია ირანისა და მისი კულტურისთვის. ჩვენი დარტყმა ძალიან სწრაფი და ძლიერი იქნება. აშშ-ს მუქარის მოსმენა აღარ სურს!“ – წერს ტრამპი.
ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ დაიძაბა. სულეიმანი ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი. ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.