დღეიდან სოციალური პაკეტები და პენსია იზრდება
2020 წლის 1-ლი იანვრიდან სოციალური პაკეტები და პენსია იზრდება. გაზრდილ სოციალურ პაკეტს 114 ათასამდე შშმ პირი მიიღებს.
საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა 20 ლარით. აღნიშნული ცვლილება შეეხება ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (18 წლამდე).
ამ მიზნისთვის საჭირო თანხის წლიური ოდენობა 35 მლნ. ლარამდეა.
დღეიდან 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ საპენსიო ასაკის მქონე პირებიც. სოციალური პაკეტებისა და პენსიის ზრდა პირველი ივლისიდანაც მოხდება, როდესაც 70 წელს ზემოთ პენსიონერების, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირების პაკეტებზე 30-ლარიანი მატება მოხდება.
ახალი წლიდან, მთაში მცხოვრები საპენსიო ასაკის პირები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს მიიღებენ. პირველი ივლისიდან კი, 300 ლარს მიიღებენ მთაში მცხოვრები ის პენსიონერები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება.