ეკატერინე მიქაბაძე: ნოემბრის ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა როგორც მრეწველობის და მშენებლობის, ისე მომსახურების სექტორებში
2020 წელს საქართველო საპროგნოზოზე მაღალი ეკონომიკური ზრდით შეხვდა. საქსტატის მიერ 31 დეკემბერს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,4 – პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 11 თვის საშუალო ზრდა 5,3 პროცენტს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ნოემბერში ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2.2 პროცენტით განისაზღვრა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ნოემბრის ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა როგორც მრეწველობის, ასევე მშენებლობის და მომსახურების სექტორებში. მისი თქმით, მიმდინარე წლის ნოემბერში მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა; ტრანსპორტი და დასაწყობება; მშენებლობა; ვაჭრობა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.
„ნოემბერში ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. ნოემბერში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 25.2 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 345.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 4.2 პროცენტით გაიზარდა და 782.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ნოემბერში სავაჭრო დეფიციტი 38.1 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 436.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამასთან ნოემბერში, ტურიზმიდან შემოსავლების ზომიერი 5.6%-იანი (10.7 მლნ. აშშ. დოლარით) ზრდა დაფიქსირდა. გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, ნოემბერში 13.7 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 129.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე”, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების, საგარეო გამოწვევების და დაძაბული შიდაპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველო მდგრადია შოკების მიმართ, რისი შედეგიცაა მოსალოდნელზე მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.