1 იანვარს პავლე ინგოროყვას 127 წელი შეუსრულდებოდა

1 იანვარს დაიბადა ფილოლოგი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე პავლე ინგოროყვა, მას 127 წელი შეუსრულდებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტი დავით ჭელიძე წერს ფეისბუქის გვერდზე და მამის – ცნობილი მწერლისა და მთარგმნელის, ვახტანგ ჭელიძის წერილს აქვყნებს პავლე ინგოროყვაზე, რომელსაც „კვირა“ შემოკლებით გთავაზობთ.

ძლიერება სულისა

…ასეთი ჩვეულება ჰქონდა – როცა რაიმეს დაწერდა, უსათუოდ უნდა წაეკითხა სხვებისთვის, მისდამი კეთილად განწყობილი ადამიანებისათვის. ამასთან, არასოდეს არ მოითხოვდა, შენი აზრი გამოგეთქვა. ამისთვის არ გიკითხავდა. არც იმისთვის, რომ კითხვის დროს გზადაგზა ახალი აზრი გასჩენოდა, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, და ჩაესწორებინა. არა, ეს უკვე საბოლოო იყო. ამის შემდეგ იგი აღარ ასწორებდა.
ერთხელაც არ მახსოვს, ასეთი წაკითხვის დროს რაიმე ჩაესწორებინოს, ან არადა, თუნდაც ოდნავ შეცვლილი დაებეჭდოს ის, რასაც თქვენ ხმამაღლა წაგიკითხავდათ.
სწორება და წვალება მანამდე იყო. თქვენ ხედავდით, როგორ მალ-მალე მოიშველიებდა ცალკე, მომცრო ფურცლებზე დაწერილ ჩანართებს ძირითად ტექსტში, და ამითაც დარწმუნდებოდით, რომ ისე იოლად და ისეთი სილაღით არ იწერებოდა ეს თხზულებანი, რა სილაღითაც ახლა თავად კითხულობდა. ასეთი სილაღით საერთოდ არაფერი დაწერილა ქვეყნად; რაც კი რამ კარგია, ყველაფერი წვალებით იწერება. ლაღად მხოლოდ ის იწერება, რასაც შემდეგ ასეთივე სილაღით ვეღარავინ კითხულობს.
როცა პავლე ინგოროყვა თავის ახალ დაწერილ თხზულებას გიკითხავდა, ეს იყო მისი პირველი დიდი სიხარული, საქმის დასრულების სიხარული. და ამ სიხარულს უზიარებდა იგი თავის მეგობრებს. ეს იყო ერთგვარი ზეიმი; თუ ტლანქი არ გამოვა ეს შედარება – რთვლის სიხარული; ტანჯვით მოწეული ჭირნახულის აღებისა და დაბინავების სიხარული, სწორედ ასეთი საზეიმო განწყობილება დაუფლებოდა მას ამ დროს და შეგეძლოთ, თავადვე გეგრძნოთ ეს საზეიმო განწყობილება, მანამდე, სანამ პორტფელს გახსნიდა და თავის ფოლიანტებს ამოალაგებდა. ამ დროს იგი გამართული მოდიოდა ქუჩაში, თითქოს ძალა მოემატაო. თავისი მძიმე პორტფელიც თითქოს უფრო მსუბუქად ეჭირა ხელში. ნაბიჯი მხნე და მტკიცე გახდომოდა, სახეზე ნათელი დაჰფენოდა. ვინ იცის, რამდენჯერ განუცდია მას ასეთი სიხარული. ამის ჩამოთვლა ძნელი იქნება. ალბათ შეუძლებელიც. ამ სიხარულს სულ სხვადასხვა თაობის ხალხი მოსწრებია.
პავლე ინგოროყვა ბავშვობიდანვე დაინტერესდა საქართველოს ისტორიითა და ძველი ქართული ლიტერატურით.
ჯერ ისევ სავსებით ახალგაზრდა, ძველი ქართული მწერლობის საფუძვლიან შესწავლას შეუდგა და უკვე 1913 წელს პირველივე ნაშრომი გამოაქვეყნა – „ძველი ქართული სასულიერო პოეზია“.
პავლე ინგოროყვასათვის თავიდანვე დამახასიათებელი იყო დიდი მშობლიური კულტურის მაღალი რწმენა, რაც, რაღა თქმა უნდა, სავსებით გამორიცხავდა ყოველგვარი ეროვნული ნიჰილიზმის გამოვლინებას. ამას იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ ეს საშინელი სენი დროდადრო იფეთქებდა ხოლმე და მისი ბაცილების მატარებლები ბევრჯერ პავლე ინგოროყვასაც დაპირისპირებიან. პავლე ინგოროყვას თამამი ჰიპოთეზები დამყარებულია არა უსაგნო და მყვირალა პატრიოტიზმზე; იგი დამყარებულია თავისი ხალხის კულტურის ღრმა ცოდნაზე, და იმ შესაშურ თვისებაზე, რომ საკვლევ საგანს ვიწროდ, შეზღუდული პერსპექტივით კი არ უყურებს, არამედ ამ დიდი კულტურის მაღალი გადასახედიდან. კვლევის დროს იქნებ ზოგი რამ არ იყოს ზუსტად ჩამოყალიბებული, ზოგიერთი დებულება იქნებ გადაჭარბებულად თამამი მოგეჩვენოს, ზოგი საკითხი შემდგომი კვლევის დროს დაზუსტებას მოითხოვდეს, მაგრამ მიმართულება ამ კვლევისა მუდამ სწორია. არც ის არის გამორიცხული, რომ ზოგი დებულება დღეს, კვლევის დღევანდელ დონეზე მოგვეჩვენოს მეტისმეტად თამამად, და მისი სრული სისწორე მხოლოდ შემდეგ გახდეს აშკარა, როცა ქართული კულტურა მთლიანობაში გაანალიზდება და შეისწავლება. ჩვენ ხომ ჯერ მხოლოდ ვიწყებთ ამ დიდი კულტურის შესწავლას.
პავლე ინგოროყვამ, ერთ-ერთმა პირველმა, თამამად და გადაჭრით წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ქართული ლიტერატურა გაცილებით უფრო დიდი ხნისაა, ვიდრე ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლის მიხედვით ვათარიღებთ, რომ მისი ასაკი ქრისტიანობის წინადროინდელ ხანაში უნდა ვეძიოთ; აქედანვე გამომდინარეობს მეორე მნიშვნელოვანი დებულება, რომ საერო მწერლობის დაკანონებული, და რომ ქრისტიანულ სასულიერო მწერლობაში კი არ ჩაისახა ქართული საერო ლიტერატურა, არამედ ძველი ქართული საერო მწერლობის ერთ-ერთი განშტოებაა ქრისტიანული სასულიერო ლიტერატურა… რა თქმა უნდა, ძალიან თამამად მოეჩვენება ადამიანს – და ეს სითამამე ბევრს აღიზიანებს კიდეც – როცა პავლე ინგოროყვა უძველეს ქართულ ლიტერატურას „ახალს“ უწოდებს.
„წინაქრისტიანული ქართული მწერლობის გავლენა, ბუნებრივია, უკვალოდ ვერ გაქრებოდა და ეს გავლენა მოჩანს კიდეც მომდევნო ხანის ქართულ ლიტერატურაში, – წერს იგი, – ახალმა ქართულმა ლიტერატურამ, რომელიც მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის საფუძველზე წარმოიშვა, შეითვისა ძველი, „წარმართული“ მწერლობიდან როგორც ანბანი, ისე, ჩანს, ზოგიერთი ლიტერატურული ტრადიციებიც (კერძოდ, ტრადიცია საერო მხატვრული მწერლობის). შეითვისა ამ ახალმა ლიტერატურამ ძველი ლიტერატურიდან სავსებით დამუშავებული, უაღრესად მდიდარი სალიტერატურო ენა“.
ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ პავლე ინგოროყვა იზიარებს ივანე ჯავახიშვილის ჰიპოთეზას ქართული ანბანის შექნის თარიღთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ ივანე ჯავახიშვილი პატივისცემითა და ნდობით ეკიდება პავლე ინგოროყვას დებულებებს და ხშირად იმოწმებს თავის შრომებში.
საერთოდ, ყოველი მისი გამოკვლევა – თავისებური აღმოჩენა იყო. აღმოჩენა იმისა, რაც არსებობდა და მხოლოდ მისი მახვილი თვალი სჭირდებოდა, რათა ახლებურად გაენათებინა, ახლებურად წარმოეჩინა; თითქოს უჩვეულოდ და საჩოთიროდაც კი, მაგრამ ლოგიკურად, მეცნიერული დასაბუთებით. ასეთ „აღმოჩენებს“ ყოველთვის პოეტის თვალი და ალღო სჭირდება, და პავლე ინგოროყვა განგებამ დააჯილდოვა ასეთი თვალითა და ალღოთი.
სულ პირველად პავლე ინგოროყვას სახელი „რუსთველიანათი“ გავიგონე – ამ საოცარი თხზულებით. როცა ეს თხზულება გამოქვეყნდა, პატარა ვიყავი და მესმოდა, როგორ მოიხსენიებდნენ ხოლმე ყოველგვარ ვითარებაში – ბუხართან, მყუდრო საუბარში, სუფრაზე, გზაში. ქებით-მეთქი, რომ ვთქვა, ეს არ იქნება ზუსტად განსაზღვრა იმისა, როგორც ამ თხზულებასა და მის ავტორს ახსენებდნენ. ალბათ უფრო სწორად გამოვხატავ იმ განცდას, თუ ვიტყვი – გაკვირვებითა და სასოებით-მეთქი. ჩვეულებრივ, გამოვა რაიმე თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წიგნი, საზოგადოებას ააღელვებს, ააბობოქრებს და ისევ მალე მიწყნარდება. „რუსთველიანით“ გატაცება უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა. ჩემი თაობის ცნობიერებაში იგი გვიან შემოვიდა – წიგნი დიდი ხნის გამოსული იყო. მაგრამ ხალხში ის პირველი აღტაცება მაინც არ დამცხრალიყო, თუმცაღა სკეპტიციზმის ბაცილები – რაც ჩვენში, სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან, ყველა დიდ საქმეს უსათუოდ მოედება ხოლმე – უკვე თხელ ფენად მოსდებოდა. ამგვარად, ეს წიგნი ლეგენდასავით შემოვიდა ჩვენს ცნობიერებაში, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ წაკითხვას შევძლებდით.
ლეგენდასავით იყო „გიორგი მერჩულეც“, ეს ფუნდამენტური გამოკვლევა, რომელიც ტიტანურ ნიჭსა და შრომას მოითხოვდა და რომელშიც ერთნაირი სიძლიერით გამოჩნდა პავლე ინგოროყვას, როგორც საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის დიდი მკვლევარის, ალღო და ერუდიცია. უამწიგნოდ უკვე ძნელი წარმოსადგენია ჩვენი ისტორიოგრაფია და ლიტერატურათმცოდნეობა. აქ მკვლევარმა ძველი ელვარება დაუბრუნა უძველესი ქართული პოეზიის მანამდე ჩრდილში მოქცეულ ფურცლებს… ეს დიდი შრომა სათანადო გაანალიზებასა და შეფასებას ელის. სიმონ ყაუხჩიშვილისა და მიქელ თარხნიშვილის წერილები მხოლოდ დასაწყისია ამ შეფასებისა.
ხალხში გავრცელებულია ხმა, რომ პავლე ინგოროყვამ ამ დიდი წიგნის ჰონორარზე უარი თქვა, რათა პატარა გამომცემლობისთვის ზარალი არ მიეყენებინა. საოცარია! ამ დროს მას პურის ფულიც საძებნელი ჰქონდა.
ჩამოთვლაც კი ძნელია ამ დიდებული კაცის ღვაწლისა, მისი ინტერესების სფერო ისეთივე ფართო და მრავალფეროვანია, როგორც ნიჭი მისი. პავლე ინგოროყვა, ადრე თუ გვიან, ჩვენი კულტურის უდიდეს განძს – ძველ ქართულ საგალობლებს და სანოტო სისტემას უნდა მისდგომოდა, მის საოცარ ალღოს საუკუნეობით დადუმებული ბგერები უნდა აეჟღერებინა. მთელი სიცოცხლე აწვალებდა ეს დიდი საიდუმლო და უკვე მოხუცი იყო, როცა თითქოს მიაგნო. მაგრამ აქ მარტო მიგნება არ კმაროდა. ეს ისეთი განძი არ იყო, რომლის საუკუნეობით დახშული კარი, არაბული ზღაპრისა არ იყოს, ორსიტყვიანი მოწოდებით შეიძლებოდა გახსნილიყო. აქ დიდი ენერგია და შრომა იყო საჭირო. საჭირო იყო, უპირველეს ყოვლისა, თანადგომა და მხარდაჭერა.
პირველმა მიგნებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი სენსაცია გამოიწვია. მას გამოუჩნდნენ როგორც მხარდამჭერნი, ასევე მოწინააღმდეგენი. გაიმართა მწვავე პაექრობანი, რაც ხშირად სცილდებოდა კონკრეტულ საგანზე მსჯელობას და სულ სხვა არასასურველი პათოსი ეძლეოდა. სენსაცია გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, უცხოეთის შორეულ ქვეყნებსაც მისწვდა. მკვლევარმა ერთხელ მაჩვენა იაპონიიდან გამოგზავნილი აღფრთოვანებული წერილი, რომელიც ის-ის იყო, მიეღო. ასეთი წერილები განუწყვეტლივ მოსდიოდა. და, სხვათა შორის, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად სრულყოფილი იყო აღმოჩენა, კეთილი საქმე კეთდებოდა – სულ უფრო და უფრო იზრდებოდა დაინტერესება დიდებული ქართული მუსიკით, სულ უფრო და უფრო მეტ მეგობარსა და დამფასებელს იძენდა ის… მაგრამ ძველი ნოტების საიდუმლოს შემდგომ გახსნასა და შესწავლას ამ გაუთვალისწინებელმა და თვით მკვლევრისთვისაც კი მოულოდნელმა აჟიოტაჟმა ხელი შეუშალა. ამ უჩვეულო დაინტერესების ფართო გეოგრაფიამ, ეტყობა, შეაკრთო მოხუცი კაცი, მოწინააღმდეგეთა მძაფრმა შემოტევამ კი – თითქოს დააბნია… სენსაცია ხშირად ვნებს საქმეს. ეტყობა, იჩქარა მკვლევარმა. იქნებ ჯობდა, თავად ბოლომდე მიეყვანა საქმე და აღმოჩენის საიდუმლო მერე გაემჟღავნებინა. როგორც ითქვა, უკვე მოხუცი გახლდათ და ენერგიაც აღარ ეყო, ერთმანეთის საწინააღმდეგო ემოციათა ჭიდილს მორეოდა და საქმე ბოლომდე მიეყვანა.
საშინელ სენს სულ დაეცხრილა მისი ფილტვები და საკვირველი ის იყო, როგორღა სუნთქავდა, როგორ სულდგმულობდა. სული აცოცხლებდაო, ოთარ ჩხეიძე წერს. და ეს ძალიან მარჯვე გამოთქმაა. სხეულს თითქოს მართლაც შეეწყვიტა არსებობა და მხოლოდღა სული აძლებინებდა.
და სწუხდა, რომ ძალა აღარ შესწევდა დაწყებული საქმის დამთავრებისა. დარდი გაჰყვა კიდევ ერთი დიდი ნაშრომისა – ხეთური გრამატიკისა, რომლის გამოქვეყნება ვერა და ვერ მოახერხა. ნაშრომი გზას კვალავდა ქართველი ერის შორეული სათავეებისკენ. თრთოლვით გვიკითხავდა ხოლმე ამ წიგნის ცალკეულ ფურცლებს. მახსოვს, ერთხელ კვირა დღეს მიგვიწვია სამი კაცი მწერალთა კავშირში და დილიდან მოკიდებული შუადღემდე ჩვეული გატაცებით გვიკითხავდა…
ზემოთაც ითქვა: ყველაფრის აღნუსხვა, რაც პავლე ინგოროყვას თავისი ერის კულტურისთვის შეუძენია, ძალიან ძნელია. მე მახსოვს, როგორ მუშაობდა იგი ილია ჭავჭავაძის ბოლო ათტომეულის გამოცემაზე, რომელიც დღეისათვის ყველაზე სრულად ითვლება. საქმე, რასაც, ჩვეულებრივ, ხალხმრავალი დაწესებულებები ძლივს აუდიან, და ხშირად ხეირიანად ვერც კი ართმევენ თავს, – ამის მაგალითები მრავლად ვიცით – ერთმა კაცმა გააკეთა. მაშინ ყოველდღიურად შეგეძლოთ გენახათ, როგორ დადიოდა იგი ჩვეული აჩქარებული ნაბიჯით არქივიდან – საჯარო ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკიდან – მუზეუმებში და ახალ-ახალ მასალებს ავლენდა დიდი მწერლის ცხოვრებიდან, შემოქმედებიდან. თავის დიდ პორტფელში ჰქონდა მოქცეული ეს მასალები; მივიდოდა, მოიძიებდა, შეავსებდა – ოპერატიულად, საქმიანად. და ფრთხილად, დიდი პასუხისმგებლობით. მოუკითხავი და მიუკვლეველი არ დარჩებოდა, თუკი სადმე რაიმე ეგულებოდა. ერთ-ერთი ტომის გამოცემის დროს სადღაც წასწყდომია ილია ჭავჭავაძის წერილს თავისი გამომცემლისადმი. ეს ის დროა, როცა ილიასა და მაჩაბლის ურთიერთობა გამწვავებულია. და ილია თავის გამომცემელსა სწერს – ჩემს თხზულებათა კრებულში (რომელიც იმ დროს გამოდიოდა) სიამოვნებით შევიტანდი „მეფე ლირის“ თარგმანს, მაჩაბელს თუ არ დარჩება საწყენად; და იქნებ ჰკითხო მაჩაბელს, ნებას თუ დაგვრთავსო.
აი, ამ წერილს წააწყდა პავლე ინგოროყვა, ამ წერილმა დააინტერესა ახალი გამომცემელი. დიდი იყო ცთუნება, ახლა მაინც შესრულებულიყო ილია ჭავჭავაძის სურვილი და „მეფე ლირის“ თარგმანი ამ ათტომეულში შეეტანათ, მაგრამ მწერლის სიცოცხლეში რომ ვერ მოხერხდა ეს! იქნებ მაჩაბელმა არ დართო ნება და იმიტომ!..
იმ დროს მე სწორედ წიგნსა ვწერდი მაჩაბელზე, მუზეუმებსა და არქივებში ვმუშაობდი და ბატონმა პავლემ მკითხა, ხომ არ წაწყდომიხარ რაიმე საბუთს, ამ საქმისადმი მაჩაბლის დამოკიდებულება რომ მჟღავნდებოდესო. ასეთი ცნობა თითქოს არ არსებობს, არსად წავწყდომივარ, და პავლე ინგოროყვამაც თავი შეიკავა, თუმცაღა დიდი დანანებით.
ეს იმის მაგალითად მოვიტანე, როგორ გაფაციცებით ეძებდა იგი ყოველ ახალ, თუნდაც სულ უმნიშვნელო მასალას მწერლის თხზულებათა ტომეულების გამოცემის დროს. და რა სიფრთხილეს იჩენდა, რა ფაქიზად ეკიდებოდა მწერლის სახელს, მის ნება-სურვილს; რა სკრუპულოზური ანალიზით ხდებოდა ყველა ხელმოუწერელი და სათუო მასალის შერჩევა ტომეულებში შესატანად. ამ საქმეში მას დახმარებას უწევდა ჩვენი კულტურის დიდი მოამაგე ქალბატონი თამარ მაჭავარიანი, ეს საოცარი ადამიანი – თავისი საქმის კარგი მცოდნე, ჩუმი, მოკრძალებული, მოღვაწე… მისი წყალობით გამომზეურდა ბევრი ფურცელი ჩვენი კულტურისა, რაც შეიძლებოდა სამუდამოდ დაკარგულიყო. ეს დიდებული მანდილოსანი ყველას დაუზარლად ეხმარებოდა, ქართული კულტურით დაინტერესებულ ყველა ადამიანს, და მით უმეტეს, უშურველ დახმარებას უწევდა პავლე ინგოროყვას.
პავლე ინგოროყვასვე უნდა ვუმადლოდეთ აკაკი წერეთლისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა სრულ კრებულებს, მათ მომზადებას და გამოცემასაც ხომ ხალხმრავალი ინსტიტუტების ხანგრძლივი შრომა სჭირდება, და ერთმა კაცმა კი მოამზადა და გამოსცა – აკადემიურად, ღირსეულად, წიგნის გამოცემათა თანამედროვე დონეს რომ შეეფერება, ისე.
ამას წინ უძღოდა ორი დიდი ეროვნული საქმე: ჯერ ჟურნალ „კავკასიონის“ და მერე კი გამომცემლობა „ქართული წიგნის“ დაარსება. ერთმაც და მეორემაც უდიდესი როლი შეასრულა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ერთსაც და მეორესაც უდიდესი ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ჭეშმარიტ მწერლობას – კლასიკურსაც და თანამედროვესაც – აუფასურებდნენ, როცა მწერლებს სდევნიდნენ; პავლე ინგოროყვამ ჟურნალში თავი მოუყარა სხვადასხვა ვითარებათა გამო დაფანტულ მწერლობას.
ძალიან დიდი ხნის დუმილის შემდეგ პირველად სწორედ აქ დაიბეჭდა მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა. ეს იყო მწერლის მეორედ დაბადება. საერთოდ, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მიხეილ ჯავახიშვილის შემდგომი – ესე იგი, ფაქტობრივად, მთავარი – სამწერლო მოღვაწეობა, პავლე ინგოროყვას რომ არ მიეწვია იგი თავის ახალდაარსებულ ჟურნალში, რომ არ გაემხნევებინა, საკუთარი თავის რწმენა არ დაებრუნებინა. აქვე დაიბეჭდა დავით კლდიაშვილის მოთხრობები, ერეკლე ტატიშვილის ესეები და თარგმანები, აქ დაიწყო ბეჭდვა შალვა დადიანის „უბედური რუსისა“… აღარ ჩამოვთვლი. ეს იყო ნამდვილი აკადემიური ჟურნალი, როგორიც ჩვენი მწერლობის მაშინდელ დონეს ეკადრებოდა.
ძველი თაობის ადამიანებს ახსოვთ, ახლაც ამშვენებს წიგნის თაროებს ლამაზ ყდაში ჩასმული, მშვენივრად გაფორმებული წიგნები – ილია ჭავჭავაძის ათტომეული (ეს ძველი ათტომეული გახლავთ, უფრო მომცრო ფორმატის წიგნები), აკაკის ოთხტომეული, ვაჟას ოთხტომეული, საბას „სიტყვის კონა“, შექსპირის მაჩაბლისეული ტრაგედიები – ორ-ორი ტრაგედია ერთად, და თითო-თითოც ცალ-ცალკე… ეს სულ „ქართული წიგნის“ გამოცემები გახლდათ. ასეთი გამოცემები დღემდე სანატრელია. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ის წიგნები იბეჭდებოდა იმ დროს, როცა, აპოლონ წულაძის მარჯვე გამოთქმისა არ იყოს, ჩვენს კლასიკოსებს პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდათ. კერძოდ, ილია ჭავჭავაძეს თითქოს ასწავლიდნენ სკოლებში, მაგრამ იქვე ლანძღავდნენ. გაზეთებში და დიდი თანამდებობის პირთა თუ ფეხსაყოლილი და დაბნეული ახალგაზრდა კრიტიკოსების წიგნუკებში ზედიზედ იბეჭდებოდა მისი განმაქიქებელი და ძაგების წერილები; ყველანაირად ცდილობდნენ, შეეძულებინათ ახალგაზრდობისათვის, და ამ დროს „ქართული წიგნის“ გამოცემები – ლამაზ ყდებში ჩასმული მშვენიერი წიგნები ამ კლასიკოსებისა – უპირისპირდებოდა, კლდესავით წინ აღუდგებოდა უკეთურ ადამიანთა სამარცხვინო გამოხდომებს; თაობებს იხსნიდა საშინელი შეცდომისაგან. გმირობას უდრიდა ესო, რომ ვთქვათ, ცოტა იქნება. ეს გმირობაც იყო და დიდი სიბრძნეც…
ვწერ, ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელია მისი ღვაწლის აღნუსხვა-მეთქი, და მაინც აქეთკენ გამირბის ხელი.
გმირობა ვახსენეთ. პავლე ინგოროყვა მართლაც გმირი იყო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
ოციანი წლების დასაწყისში, იმ არეულ წლებში დიდი საშიშროება დაემუქრა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალს. საათები წყვეტდა ქვეყნის ბედს. ბატონ პავლეს უამბნია, როგორ მოიარა ფეხით იმ ბობოქარ დღეებში თითქმის ყოველი მტკაველი იმ მიწა-წყლისა, როგორ თავგანწირვით უხდებოდა, დაეცვა საერთაშორისო კომისიაში (რომლის მრჩევლად თუ კონსულტანტად თავად იყო მიწვეული) ყოველი მტკაველი მიწა. ზოგჯერ გაიხსენებდა ხოლმე ამას, ყვებოდა უბრალოდ, სხვა ამბებთან დაკავშირებით, თავისი როლის ხაზგაუსმელად, თითქოს სულაც არაფერი გაეკეთებინოს. მაგრამ შემდეგ ერთ მოგონებაში წავიკითხეთ, რა თავგანწირვა და გმირობა გამოუჩენია ამ ფიზიკურად სუსტ ადამიანს.
ეს ცოტა უფრო ადრე მოხდა – 1917 წელს. მაშინაც ქვეყნის საზღვრებს ეხებოდა საქმე. გვიანი შემოდგომის ცივ, წვიმიან ამინდში, როცა ზღვაზე ქარიშხალი მძვინვარებდა, საჭირო იყო რაც შეიძლება ჩქარა ჩასულიყვნენ ტრაპიზონს. ორნი იყვნენ, ზღვით უნდა გამგზავრებულიყვნენ და ნავის შოვნა გაძნელდა, ბოლოს, როგორც იქნა, მიაგნეს ერთ ნავს, მაგრამ მენავე უარზე იყო – ვერ ბედავდა ქარიშხლიან ზღვაში გასვლას. აიძულეს; იარაღით დაემუქრნენ. როგორც იყო, შევიდნენ ზღვაში, მაგრამ ძალიან ძნელი მგზავრობა შეხვდათ. ტალღები ნაფოტივით აქეთ-იქით ისროდა პატარა ნავს. სასწაულით გადარჩნენ. და ერთი კომიკური სურათიც ახლავს ამ დრამატულ ამბავს: მენავეს შემთხვევით მწნილი აღმოაჩნდა ნავში და პავლე ინგოროყვა ამ მწნილმა იხსნა – მალ-მალე მივარდებოდა ხოლმე ქილას, რომ გულისრევა დაეცხრო… სამშვიდობოს რომ ჩავიდნენ, ყველას უკვირდა, ვერ დაეჯერებინათ, ამ საშინელ ღელვას როგორ გადაურჩითო.
უყვარდა სტამბა, სტამბის მუშები, ეს ალალი ადამიანები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, თავგანწირვით ემსახურებიან მშობლიურ კულტურას. მათთან ძალიან კარგად გრძნობდა თავს, იქ ყველა მისი ერთგული იყო, მისდამი კეთილგანწყობილი, რაც ასე ენატრებოდა და რაც ასე სჭირდებოდა ამ სათუთი გულის ადამიანს. შინაურივით შევიდოდა სტამბაში, – ეს მისთვის ყველგან ნებადართული იყო – ყველას გულითადად მიესალმებოდა, ალერსიანად გაუღიმებდა. დამკაბადონებლები, მოჰკრავდნენ თუ არა თვალს, რაც უნდა საშური სამუშაო ჰქონოდათ დაზგაზე გაშლილი, მაშინვე გვერდზე გასწევდნენ იმ სამუშაოს და ინგოროყვას წიგნს გადმოიღებდნენ. ბატონ პავლეს ეს ეამაყებოდა. პორტფელს სკამზე ჩამოდებდა, ხელნაწერებს ამოიღებდა, ახლაც ისევე ძებნითა და ჩხრეკით მიაგნებდა საჭირო ფურცლებს და იწყებოდა! იგი გვერდში ედგა დამკაბადონებელს, ყოველი სტრიქონის ჩასწორებას თვალს ადევნებდა, თავადვე გამოიტანდა ხოლმე ლინოტიპზე ჩამოსხულ ცხელ სტრიქონებს და დამკაბადონებელს მიაწვდიდა.
და, საოცარია, აქ სტამბის მძიმე ჰაერში, რაც მისი სნეული ფილტვებისათვის ყველაზე მავნებელი იყო, თავს ძალიან კარგად გრძნობდა, საათობით იდგა ხოლმე დაზგასთან ხელებდაკაპიწებული. ასე გამოვიდა ყველა მისი წიგნი. ასე იბეჭდებოდა ის დიდი ტომეულები ილიასი, აკაკისა… იგი არა მარტო წერდა და ადგენდა ამ წიგნებს, არამედ დაბეჭდვაშიაც თავად მონაწილეობდა. ინგოროყვასთან მეგობრობა, რაღა თქმა უნდა, სტამბის მუშებსაც საამაყოდ ჰქონდათ.
გულისხმიერი იყო. არც დროს დაიშურებდა, არც ენერგიას, თუკი რითიმე შეეძლო, დაგხმარებოდა. „ქართული წიგნის“ გამოცემულ „მეფე ლირს“ წინ, სატიტულო გვერდის შემდეგ, წამძღვარებული ჰქონდა ყველა ქართველისათვის ძვირფასი და საყვარელი ავტოგრაფი, საერთოდ, ისტორიაში ალბათ უნიკალური რამ: ქაღალდის ერთ ფურცელზე, მონაცვლეობით, ორი ადამიანის ხელით ნაწერი სტრიქონები. ეს ორი ხელწერა ილია ჭავჭავაძესა და ივანე მაჩაბელს ეკუთვნის. „მეფე ლირი“ ხომ ერთობლივად თარგმნეს მათ, ჯერ კიდევ ადრე, ახალგაზრდობაში. მაჩაბლის ბიოგრაფიაზე მუშაობის დროს, რაღა თქმა უნდა, გამახსენდა „ქართული წიგნის“ მიერ გამოცემული „მეფე ლირისათვის“ წამძღვარებული ფურცელი. დავიწყე ძებნა. მუზეუმებსა და არქივებში საკმაოდ ბევრი იყო სხვადასხვა პირებისადმი მიწერილი მაჩაბლის პირადი წერილები, მაგრამ თარგმანების ან სტატიების ხელნაწერი – თითქმის არა. სულაც არა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთ სტატიას, რომელიც არასოდეს არ გამოქვეყნებულა. ამგვარად „მეფე ლირის“ ხელნაწერს ვერსად მივაგენი: არ აღმოჩნდა იგი არც მისი ქალიშვილის სახლში. ალბათ ჩვეულებრივი დაუდევრობის გამო დაიკარგა-მეთქი, ბოლოს ვიფიქრე, როგორც ბევრი ძვირფასი ხელნაწერი დაკარგულა ჩვენში. და როცა იმედი თითქმის გადაწურული იყო, მაშინღა მოვიფიქრე, იმ წიგნის გამომცემლისათვის, პავლე ინგოროყვასთვის მეკითხა. ბატონი პავლე დაფიქრდა, მაგრამ ვერაფრით ვერ გაიხსენა. აბა, სახლში დავძებნი, თუმცა არ მეგულებაო. სახლში არ აღმოჩნდა. ყველგან მოიკითხე? ყველგან-მეთქი, ვუპასუხე. მუზეუმის ხელნაწერების განყოფილებაშიაც? მაშინ ხელნაწერების ინსტიტუტი ცალკე არ არსებობდა. იქაც-მეთქი, ვუთხარი. აბა, თამარ მაჭავარიანს ვკითხოთ, იქნებ ის წააწყდა ან ილიას ფონდში, ან სხვაგან სადმე! თამარ მაჭავარიანს მე ადრევე ვკითხე, მაგრამ ვერც იმან მიაგნო…
ბატონი პავლე ახლა თავად დაინტერესდა. ნამდვილად მახსოვს, რომ მთელი რვეული იყო, როგორ შეიძლებოდა დაკარგულიყოო. და ყველა მუზეუმი თუ არქივი მოიარა. ამაოდ. დიდხანს ვერ ელეოდა იმის იმედს, რომ სადმე იპოვიდა, მაგრამ ხელნაწერი არსად არა ჩანდა. და უკვე შევეგუეთ ამ დასანან აზრს. ერთ დილას, ადრიანად, კარზე ვიღაც აკაკუნებს. მერძევე მეგონა, – ასე ადრე მერძევე მოდიოდა ხოლმე. კარი გავაღე და ვხედავ, თვალებგაბრწყინებული ბატონი პავლე დგას.
„ვიპოვეთ!“ – სალმის მაგივრად ეს მომახარა. ასევე მრავლობით რიცხვში მითხრა, თითქოს მეცა მქონოდეს წილი ამ კეთილ საქმეში, – „ვიპოვეთ!… და არა მარტო „მეფე ლირი!“
გაშალა ქაღალდები და მართლაც, „მეფე ლირთან“ ერთად „ანტონიოს და კლეოპატრაც“ აღმოაჩნდა.
„გქონდეს ეს შენ, რამდენ ხანსაც დაგჭირდება, და მერე ჩავაბაროთ, სადაც ჯერ არს“.
ხელნაწერების საიდუმლო კი ასეთი გახლდათ. იმავე ხანებში ალექსანდრე აბაშელი გარდაიცვალა და აბაშელის ქალიშვილმა პავლე ინგოროყვა მიიწვია პოეტის არქივის სანახავად. როგორც ცნობილია, ბატონ პავლეს და ალექსანდრე აბაშელს კეთილი მეგობრობა აკავშირებდათ. და სწორედ აბაშელის არქივში წასწყდომოდა ამ ხელნაწერებს. საქმე ის არის, რომ აბაშელი ერთ დროს პავლე ინგოროყვასთან მოღვაწეობდა გამომცემლობა „ქართულ წიგნში“.
მე უკვე თითქმის დამთავრებული მქონდა წიგნი მაჩაბელზე, მაგრამ წინა თავი ხელახლა გადავამუშავე, ეს ხელნაწერი გამომადგა.
ცხოვრობდა ძერჟინსკის ქუჩაზე, თოთხმეტ ნომერში, ერთი პატარა ბინა ჰქონდა. მძიმედ განიცადა ცოლის გარდაცვალება, ვისთანაც სულიერი მეგობრობით იყო დაკავშირებული. ცოლის ხსოვნას მიუძღვნა „გიორგი მერჩულე“ და ამით უკვდავყო მისი ნათელი სახელი. მისი მეუღლე – ქეთევან ბაქრაძე – ცნობილი ლიტერატორი გახლდათ, და სხვათა შორის, მისი თარგმნილია „დავით კოპერფილდი“.
ხელმოკლედ ცხოვრობდა, ამდენი წიგნის ავტორი და გამომცემელი იყო, მაგრამ დიდი შემოსავალი არა ჰქონია. და, რაღა თქმა უნდა, ერთგვარი შვება იქნებოდა – მატერიალურიც და მორალურიც – განხორციელებულიყო ის აზრი, რაც ბუნებრივად მომწიფდა საზოგადოებაში და რასაც თითქოს მხარსაც უჭერდნენ მთავრობაში. საქმე ეხება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად არჩევას. ამაზე ბევრს ლაპარაკობდნენ ორმოცდაათიან წლებში.
საზოგადოების ყოველი ფენა აღფრთოვანებით იწონებდა ამ კეთილ აზრს. ან კი როგორ შეიძლებოდა, პავლე ინგოროყვა აკადემიაში არ აერჩიათ! საქმე თითქოს გადაწყვეტილიც იყო. მაგრამ მოწინააღმდეგე მხარე კიდევ უფრო გავლენიანი აღმოჩნდა და პავლე ინგოროყვა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისთვის აკადემიაში ადგილი არ გამოიძებნა. ნეტა ბევრი ჰყავდათ ამისთანა ხალხი აკადემიაში?! ვერ ვიტყვი, როგორ იმოქმედა ამან პავლე ინგოროყვაზე, ძალიან დასწყდა თუ არა გული. გარეგნულად არ იმჩნევდა, ხუმრობით იტყოდა ხოლმე – აკადემია ძერჟინსკის თოთხმეტ ნომერშიაო. ესე იგი, თავისი სახლის ნომერს ასახელებდა. საქმე ის არის, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია მაშინ ძერჟინსკის ქუჩაზევე მდებარეობდა, მგონი, მერვე ნომერში.
ახლა ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ბევრს ლაპარაკობენ. მაშინ ეს აკრძალული იყო, ცნობებს არ აქვეყნებდნენ; იქნებ ცოტათი მაინც შველებოდა საქმეს, მრავალი წლის განმავლობაში ასე უცნაურად გასაიდუმლოებული რომ არ ყოფილიყო ქვეყნისა და ხალხის სასიცოცხლო საკითხი. პავლე ინგოროყვა ჭეშმარიტი მამულიშვილი იყო – ამ სიტყვის ყველაზე მაღალი გაგებით – და, ბუნებრივია, ეს პრობლემა მწვავედ აწუხებდა. ზეპირად გეტყოდათ, ქვეყნის რომელ კუთხეში რამდენი მატება ან კლება იყო; გეტყოდათ შედარებით მონაცემებს გარკვეული წლების მიხედვით; გეტყოდათ პროგნოზებს, მოსალოდნელ დემოგრაფიულ ტენდენციებს უახლოეს წლებში, ცალკეული რაიონების მიხედვით. ამაზე ლაპარაკი არასოდეს მოსწყინდებოდა. გვერდზე გაგიყვანდა, პორტფელს გახსნიდა და ათასნაირ რუკებსა და დიაგრამებს ამოიღებდა, სადაც თვალსაჩინოდ იყო ნაჩვენები ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა. შეეძლო ცალკეული სოფლები დაესახელებინა – სად რამდენი ქართული ოჯახი ცხოვრობდა და რა პერსპექტივა ჰქონდა იმ სოფელს… მიკვირდა და ახლაც მიკვირს, როგორ მოიძიებდა იგი ამ ცნობებს, მიკითხავს კიდეც მისთვის და პასუხად მხოლოდ გაუღიმია. საოცარია: ყოველთვის ოპტიმისტური განწყობილება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა უკვე მძიმე იყო. რას ეფუძნებოდა მისი ოპტიმიზმი, ძნელი სათქმელია. ისე კი ფანატიკური რწმენა ჰქონდა ქართველი ერის გამძლეობისა და ეს რწმენა გადამდები იყო…
ორმოცდაათიანი წლების დასასრულს პავლე ინგოროყვა საცხოვრებლად გოგებაშვილის ქუჩაზე გადავიდა. ბინა აქ, თითქოს შედარებით, უფრო კარგი იყო, მაგრამ გოგებაშვილის ქუჩა, მოგეხსენებათ, მაღალზეა, მთის ძირში და მოხუც კაცს, რომელსაც ხელში მუდამ განუყრელად ეჭირა თავისი მძიმე პორტფელი, ძალიან უჭირდა ასვლა. უფრო დაბლა და მოსახერხებელ ადგილას მისთვის ბინა ვერ გამოიძებნა. არადა, დღეში ზოგჯერ რამდენიმეჯერ უწევდა შინ მისვლა… ბოლო წლებში, ისედაც სუნთქვაგაძნელებული ადამიანისთვის სულ უფრო ძნელი გახდა შვეულად დაკიდულ აღმართზე სიარული. დღეში რამდენჯერმე უნდა ასულიყო!… შინ ხომ ვერ გამოჯდებოდა ბოლომდე აქტიური მოღვაწეობით მცხოვრები ადამიანი – ხშირ-ხშირად უნდა შეევლო მუზეუმებში, ბიბლიოთეკაში, გამომცემლობაში. და ერთი პირობა კულტურის სამინისტროს შეეკედლა.
ხშირად ნახავდით იქ ჯერ თენგიზ ბუაჩიძისა და მერე ოთარ თაქთაქიშვილის მინისტრობის დროს. აქ განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს გრძნობდა. ყველა ალერსიანად ეპყრობოდა, ყველა თანამშრომელი კეთილად იყო მისდამი განწყობილი. ბავშვივით გაიხარებდა და გალაღდებოდა ხოლმე. იმ დროს მინისტრის პირველ მოადგილედ აკაკი დვალიშვილი მუშაობდა და ბატონ პავლეს გულითადი მეგობრობა ჰქონდა ამ ახალგაზრდა კაცთან. დვალიშვილმა ცალკე ოთახი გამოუძებნა ბატონ პავლეს სამუშაოდ, თუმცა ოთახების დიდი გაჭირვება იყო. აქ საღამომდე თავისუფლად შეეძლო მუშაობა, ხელს არავინ შეუშლიდა. მაგრამ, საოცარია, ხშირად მაინც დვალიშვილის დიდ კაბინეტში ნახავდით, როცა მინისტრის მოადგილეს თათბირი არ ჰქონდა. ადამიანებთან ახლოს ყოფნა ერჩივნა. მეგობრების სიახლოვე სწყუროდა. კუთხეში მიჯდებოდა თავისთვის და ჩუმად მუშაობდა, ცდილობდა, ხელი არ შეეშალა ამ ოთახის პატრონისათვის. კულტურის სამინისტროდან მუზეუმებიც ახლოს იყო, არქივებიც, გამომცემლობებიც და მწერალთა კავშირიც, სადაც დღის რომელიმე მონაკვეთში თითქმის ყოველთვის უნდა შეევლო. და თუმცა აქ თავის ძველ მეგობრებს სულ უფრო იშვიათად ხვდებოდა, – მეგობრები თანდათანობით შემოეცალნენ – მაინც რაღაც იზიდავდა. იქნებ იმავე მეგობრების აჩრდილებიც… იქნებ გაუცნობიერებელი შეგნებაც იმისა, რომ მწერალთა კავშირის დამაარსებელი თვითონვე იყო; იქნებ აქაური მყუდრო ბიბლიოთეკა; ის თავისი სიმყუდროვით განუმეორებელი ბაღიც, რომელიც ბიბლიოთეკას ეკვრის. იქვე სალიტერატურო გაზეთის რედაქცია იყო და მცირე ხნით იქაც უსათუოდ უნდა შეევლო…
როდის იყო ბატონი პავლე უკანასკნელად მწერალთა კავშირში? ეს ძნელი სათქმელია. მაგრამ თანდათანობით უკლო სიარულს, სულ უფრო და უფრო იშვიათად გამოჩნდებოდა. მუხლებმა უმტყუნეს, თვალებმაც უმტყუნეს… და ისევ ოთარ ჩხეიძის სიტყვები უნდა მოვიშველიო – სულიღა ამოძრავებდა ამ დაშრეტილ სხეულს. და გვიან, გვიან დადგა ის დღე – პავლე ინგოროყვა უკვე ოთხმოცდაათს მიღწეული იყო – როცა სულიც გაეყარა.
ზოგს სანატრელად მიაჩნია ასეთი გარდაცვალება – როცა ადამიანი ღრმა მოხუცობას მიაღწევს და დამშვიდებული მიდის ამქვეყნიდან, იმის შეგნებით, რომ ყველაფრის გაკეთება მოასწრო, რაც კი დასახული ჰქონდა.
არა მგონია, პავლე ინგოროყვა დამშვიდებული წასულიყოს ამქვეყნიდან: მას ბევრი დარჩა ჩაფიქრებული – რის მოსწრებასაც ლამობდა, რაც უნდა გაეკეთებინა.

ვახტანგ ჭელიძე 1988 წ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები