გურამ მაჭარაშვილი: თუ არალეგიტიმურია სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცესკო, სად გარბოდნენ და რეგისტრირდებოდნენ, რომ ნომერი შეენარჩუნებინათ? – რად უნდათ ნომერი? მათი კუდი აქ გამოჩნდა, რომელიც დიდია და ვერ მალავენ
,,თუ არალეგიტიმურია სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცესკო, სად გარბოდნენ და რეგისტრირდებოდნენ, რომ ნომერი შეენარჩუნებინათ? – რად უნდათ ნომერი? მათი კუდი აქ გამოჩნდა, რომელიც ძალიან დიდია და ვერ მალავენ”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო ნომრების შენარჩუნებისთვის ცესკო-სთვის მიმართვის ფაქტს.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა იციან, რომ არჩევნებში დამარცხდებიან.
„ფორმულა, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს, დამარცხდება და თუ არ მიიღებს, ნელ-ნელა პოლიტიკურად გაქრება, ძალაშია. ე.წ. ოთხი გადალახული პარტიიდან არჩევნებში მონაწილეობას ორი აპირებს, თუმცა რეგისტრაციის ბოლო დღემდე იმას უნდა ველოდოთ, რომ შესაძლოა, რამდენიმე პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალოს. ან ვინც მონაწილეობას იღებს, თქვას, რომ აღარ იღებს, ან პირიქით. მათ ერთი-ორი დღით ადრე უცხოეთიდან დაურეკავენ და ეტყვიან, აბა, ბიჭებო და გოგოებო, გავარდით და დარეგისტრირდით, ცესკო-ში, თუ მათი გადაწყვეტილება იქნება. ამიტომ ბუნებრივია, რომ ისინიც კი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, მაინც ფიქრობს არჩევნებში თავის მომავალზე. თუ არალეგიტიმურია სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცესკო, სად გარბოდნენ და რეგისტრირდებოდნენ, რომ ნომერი შეენარჩუნებინათ? – აბა, ამას უპასუხონ. გახარიას და „ლელოს“ ფორმალურად ედავებიან, ინსტიტუტებს რატომ აღიარებთო, მაგრამ თავად რატომ აღიარებენ? – რა ნომერი ექნებათ, რა მნიშვნელობა აქვს, როცა ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი არალეგიტიმურია და აზრი არაფერს აქვს. რად უნდათ ნომერი? მათი კუდი აქ გამოჩნდა, რომელიც ძალიან დიდია და ვერ მალავენ. კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხდებიან, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა, რომ საკუთარი მარცხი გაამართლონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.