მედია: თუ ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პროგრესი არ იქნება, ევროპელი ლიდერები ირანს გაერო-ს სანქციებით ემუქრებიან

საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ ირანს განუცხადეს, რომ აღადგენენ გაერო-ს სანქციებს, თუ ის დაუყოვნებლივ არ განაახლებს მოლაპარაკებებს ბირთვულ პროგრამაზე და აგვისტოს ბოლოსთვის კონკრეტულ შედეგებს არ აჩვენებს,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩთან მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ ისრაელმა და აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს.

საფრანგეთის დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა, რომ მინისტრებმა ირანს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ განაახლოს დიპლომატიური ურთიერთობები მდგრადი შეთანხმების მისაღწევად და დაემუქრნენ, რომ თუ ამას ვერ შეძლებს, ისინი გაერო-ს სანქციებს აღადგენენ.

თუმცა, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში არაღჩიმ უარყო მუქარა და მინისტრებსაც განუცხადა, რომ მიმდინარე წლის ივნისში მოლაპარაკებების მაგიდა სწორედ აშშ-მა დატოვა.

მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, „როდესაც მეორე მხარე სამართლიანი, დაბალანსებული და ორმხრივად სასარგებლო ბირთვული შეთანხმებისთვის იქნება მზად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები