1 იანვარს ჯერომ სელინჯერს 101 წელი შეუსრულდებოდა

1 იანვარს დაიბადა ცნობილი ამერიკელი მწერალი – ჯერომ სელინჯერი, მას 101 წელი შეუსრულდებოდა. „ხვალ და ზეგ ამისთვის ვის ეცლება, ამიტომ ახლა ვდებ მამს წერილს“, –  წერს ფეისბუქის გვერდზე ცნობილი ქართელი მწერლისა და მთარგმნელის, ვახტანგ ჭელიძის შვილი, ჟურნალისტი – დავით ჭელიძე.

ვახტანგ ჭელიძე

„ჯერომ სელინჯერი თანამედროვე ამერიკელი მწერალია. იგი დაიბადა 1919 წელს, დაამთავრა სამი კოლეჯი, სამხედრო აკადემია, მეორე მსოფლიო ომის დროს არმიაში მსახურობდა. წერა თხუთმეტი წლისამ დაიწყო და მისი პატარა მოთხრობები სხვადასხვა ჟურნალში სისტემატურად იბეჭდებოდა. მაგრამ ნიჭიერი მწერლის სახელი და ფართო პოპულარობა მას მოუპოვა ამ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა რომანმა („თამაში ჭვავის ყანაში“), რომელმაც გამოქვეყნებისთანავე (1951 წ.) დიდი გამოხმაურება გამოიწვია და პირველი გამოცემის შემდეგ ზედიზედ რამდენჯერმე დაიბეჭდა. როგორც ამერიკელი კრიტიკოსები წერენ, ახალგაზრდა მკითხველების ინტერესი რომანის მიმართ დღემდე არ შენელებულა და მრავალ ლიტერატურულ დისკუსიასა და თუ საღამოზე გაცხოველებული კამათი იმართება ამ ნაწარმოების გამო.
ამბავი სულ ორიოდე დღის განმავლობაში ვითარდება. რომანის სიუჟეტი ძალიან მარტივია – სასწავლებლებიდან მეოთხედ გარიცხული თექვსმეტი წლის ჰოლდენ კოლფილდი პენსის კოლეჯიდან ნიუ-იორკს ბრუნდება, მაგრამ შინ მისვლისა ერიდება, მანამ მშობლები უშუალოდ სასწავლებლის დირექტორისაგან გაიგებდნენ მისი გამორიცხვის ამბავს. ამ ორ დღეს იგი ნიუ-იორკის სასტუმროებში გაატარებს. ნაწარმოებში ბედუკუღმართი ახალგაზრდის სწორედ ეს ორი დღის თავგადასავალია გადმოცემული. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყოველგვარი სიუჟეტური დაძაბულობისა და გამძაფრების გარეშე.
რომანის ახალგაზრდა გმირს ერთი შეხედვით არც დიდი ცხოვრებისეული გაჭირვების გადატანა უხდება (საკმაოდ შეძლებული ოჯახის შვილია და ფული, როგორც თვითონვე ამბობს, „ჩეჩქივითა აქვს“), არც მრავალნაირად დახლართული შემთხვევითი წინააღმდეგობების გადალახვა; ახალგაზრდა კოლფილდი თავის თავგადასავალს პირველ პირში გვიყვება, სრულიად დამშვიდებით, აუღელვებლად, საკმაოდ მახვილი იუმორით, გარეგნულად თითქოს არც კი ჩანს ის დიდი მღელვარება, რაც ჭეშმარიტად დიდ ნაწარმოებს უსათუოდ უნდა ჰქონდეს… ორ დღეს გაატარებს იგი ნიუ-იორკში და მშობლებთან შეხვედრის ამბავს არც კი გვიყვება – პირდაპირ საავადმყოფოში ამოჰყოფს თავს… მაგრამ ამ მოჩვენებითი სიმშვიდის იქით მოცემულია დიდი სულიერი მღელვარება, ღრმა ცხოვრებისეული ტკივილები, მძიმე ადამიანური სევდა. ავტორს ნაჩვენები აქვს ტრაგედია ახალგაზრდა კაცისა, რომელსაც ცხოვრებაში გამოსვლა ვერ მოუსწრია და უკვე შეეჯახა ბურჟუაზიული ცხოვრების უკუღმართობას, საშინელ თვალთმაქცობასა და სიყალბეს, რაც მის ირგვლივ გამეფებულა და რასაც ვერასდიდებით ვერ ეგუება ახალგაზრდა კაცის სული. როგორც მწერალი ვ. პანოვა შენიშნავს, ამ ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ შინაგანი მექანიზმით მეტისმეტად რთულ ნაწარმოებში „აზრებისა და გრძნობების გრიგალია დატრიალებული“.
აქ მოცემულია ორი სამყარო – ერთი მხრივ, სპეტაკი სულის ადამიანი, რომელიც სიყვარულში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, ყოველგვარ ცხოვრებისეულ ყოფაში საოცარ სიფაქიზესა და თანდაყოლილ ტაქტს ამჟღავნებს, და მეორე მხრივ, ტლანქი, მოუხეშავი, ყალბი და თვალთმაქცი ადამიანები. ჰოლდენ კოლფილდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდება ასეთ სიტლანქესა და ფარისევლობას, და გული ეწურება, საშინელ ტკივილს განიცდის, უკვირს… თხზულება დამიწერეო, ამხანაგი სთხოვს, ამ სასწავლებლიდან გარიცხულ სტუდენტს, და თხოვნა არც დაუმთავრებია, რომ „ლაზათიანად დაამთქნარა“.
კოლფილდს უკვირს – კაცი რაღაცას გთხოვს, გეხვეწება და თან კი არხეინად ამთქნარებს… აგდებულად უხსენებენ გოგონას, რომელიც ჰოლდენს საოცრად ფაქიზი გრძნობით უყვარს, და ჰოლდენს საშინლად აემღვრევა გული. მაგრამ მისი ამხანაგი ამას ვერ ხედავს. „საერთოდ, ვერაფერს ვერ ხედავს ხალხი“, რამდენჯერმე გულისტკივილით შენიშნავს კოლფილდი. ისტორიის მასწავლებელს იგი თითქოს უყვარს, რადგან ალბათ გრძნობს, რომ მისი მოწაფე სპეტაკი ბავშვია, თან ნიჭიერიც, მაგრამ ბუნებრივი სიტლანქე და გონების შეზღუდულობა ხელს უშლის, მისი სკოლიდან გარიცხვის ნამდვილ მიზეზს ჩასწვდეს. და აღარ გაათავებს ლაპარაკს ამ გარიცხვის თაობაზე. ყოველნაირად უწეწავს სულს ისედაც აღელვებულ ყმაწვილს. ჯერ იმ ნაწერს წაუკითხავს მასთან გამოსამშვიდობებლად მისულ მოწაფეს, რაშიაც ორიანი დაუწერა. ამასაც არ დასჯერდება, ადგება და მინაწერსაც წაიკითხავს. ამან სულ მოშალა კოლფილდი.
„არასოდეს არ ვაპატიებ, რომ სისულელე ასე ხმამაღლა წამიკითხა. მისი დაწერილი რომ ყოფილიყო, არასდიდებით არ წავუკითხავდი ხმამაღლა. ღმერთმანი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ოხერი შენიშვნა აკი იმიტომ მივაწერე, ორიანის დასმა არ გაუჭირდეს-მეთქი“. მაგრამ მასწავლებელი ვერ ხედავს მოწაფის სულიერ მდგომარეობას. „საერთოდ, ვერაფერს ვერ ხედავს ხალხი“.
ჰოლდენ კოლფილდს ვერსად ვერ უპოვია ადამიანური სითბო – ვერც სკოლაში, ვერც ადამიანებთან ურთიერთობაში, ვერც საკუთარ სახლში. ერთადერთი ნათელი მის ცხოვრებაში არის პატარა და – ცხრა წლის ფიბი. ფიბი და გარდაცვლილი უმცროსი ძმა, რომელსაც, როგორც ცოცხალს, ისე ელაპარაკება ხოლმე მარტოობის დროს ჰოლდენი. ეს ადგილები ყველაზე ლირიკულია ნაწარმოებში.
ამ პატარა მოცულობის რომანში ავტორი ახერხებს დაგვიხატოს მთელი გალერეა გმირებისა – თავიანთი ხასიათებით, ურთიერთობით, მდგომარეობით. გვაჩვენოს ამერიკული ცხოვრების ბევრი მანკიერი მხარე. ამ სკოლიდან „პანტაპუნტით რიცხავენ ბავშვებს. კარგად არის სწავლის საქმე დაყენებული“.
ირონიულად შენიშნავს ჰოლდენი. მეორე სკოლაზე კი პირდაპირ ამბობს: „ელქტონ-ჰილიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ იქ თავიდან ბოლომდე ყველაფერი სიყალბეზე იყო აგებული… ყველაფერი გამოსაჩენად ჰქონდათ“. ანდა გავიხსენოთ, როგორ დასცინის ავტორი ჰოლივუდის ფილმებს!..
ქართველი მკითხველი პირველად ეცნობა ჯერომ სელინჯერის რომანს, ხოლო მისი რამდენიმე მოთხრობა ჩვენს ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა“.

ვახტანგ ჭელიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები