თეოდორე გიგნაძე: ეროვნული ტრაგედიის წინაშე ვდგავართ! ჩვენი შვილები იდეის გარეშე იზრდებიან….

იდეალებგამოცლილი ქვეყნის უახლოესი ისტორია უდაბნოში კომპასდაკარგულ, ცუდუბრალო ხეტიალს სულ უფრო ემსგავსება. ზედმეტად გამატერიალიზებული სამყაროს კერპი ყოველდღიურად ახალ-ახალ მსხვერპლს ითხოვს და ისედაც მცირერიცხოვანი ერის თვითმკვლელობას აახლოვებს. უიდეალო, მომხმარებლური საზოგადოების იმუნიტეტი სუსტდება და ნებისმიერ გამოწვევასთან იოლად მარცხდება. უკვე მერამდენედ „რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან ისინი“.

Black on White-ს ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ესაუბრება:

– მამა თეოდორე, რა არის ახალგაზრდებში გახშირებული სუიციდის შემთხვევების მთავარი მიზეზი? რა ხდება ჩვენს თავს და სად არის პრობლემის სათავე?

– 30 წელია ჩვენი ქვეყანა იდეის გარეშე არსებობს. რა გვესმის ყოველ დღე? რა უმაღლესი ღირებულებები არსებობს რიგითი ქართველისთვის? რუსეთის შემადგენლობაში ყოფნისას იმპერიის მარწუხებიდან გათავისუფლების იდეა გვქონდა. გვყავდნენ ამ საქმის მედროშენი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა, ბარათაშვილი… ჩვენი მედროშენი იყვნენ დიდი ქართველი წინაპრები დავითი, ვახტანგი, თამარი, რუსთაველი, განსაცვიფრებელი გიორგი მეშვიდე და ა. შ. დღეს ახალგაზრდას რა იდეალები გააჩნია? თუ მათი ცხოვრების წესს შევხედავთ, რომელიც ღამის კლუბებსა და ნარკოტიკებში ვლინდება, გამოდის, ჩვენი შვილები იდეის გარეშე იზრდებიან. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოში განათლების სისტემა მოშლილია, ვერ მუშაობს მასმედია, არ არსებობს ხელოვნება, რომელიც ადამიანის ესთეტიკური გრძნობების ჩამოყალიბებას მოემსახურება. ჩვენი ფილმებიც კი, სამწუხაროდ, ამ რეალობაზეა გადაღებული – ნარკოტიკები, ჩხუბი, დედის გინება. საბოლოო ჯამში, ახალგაზრდები შინაგანად ცარიელდებიან. ჩვენ ვერ გამოვნახეთ ახალგაზრდებთან სასაუბრო ენა და ეს ბავშვები ყოველგვარი იდეის გარეშე დარჩნენ. ქრისტიანული ხედვით, ადამიანი ჭურჭელია. ის უნდა აივსოს კეთილი იდეებით, საღვთო მადლით. სიცარიელე ადამიანისთვის არის მტანჯველი, ის ამას გაურბის, გამოსავალს ღამის კლუბებში, ნარკოტიკებში ეძებს. ცხოვრებას თავისი სიძნელეები ბუნებრივადაც ახლავს თან და როდესაც ამას იდეების არარსებობა ემატება, ადამიანის ცხოვრება კიდევ უფრო მტანჯველი ხდება. ადამიანი, როგორც ღვთის ხატი, ვერ ეგუება მხოლოდ ფიზიოლოგიურ არსებობას, მას მარადისობისკენ ინტუიციური სწრაფვა გააჩნია. შედეგად, ვღებულობთ ადამიანებს, რომლებიც ამ სოფლის გამოწვევებს, საკუთარ სიცარიელეს ვერ უძლებენ და პატარა წინააღმდეგობის შემთხვევაში სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, ნებისყოფა საერთოდ არ გააჩნიათ. ეს იწვევს ოჯახების ნგრევას, კონფლიქტურ სიტუაციებს. ერთმანეთს მოსაკლავად იმეტებენ, ზოგ შემთხვევაში კი საკუთარ თავზე იღებენ ხელს. ჩვენ ეროვნული ტრაგედიის წინაშე ვდგავართ და ეს გახშირებული თვითმკვლელობები სწორედ ამის შედეგია.

ჩვენი ერის დანიშნულება და უმთავრესი ღირებულება ყოველთვის ღმერთი იყო. რადგან ღმერთი ადამიანად მოვიდა, არ შეიძლება, ჩვენ ის არ ვეძებოთ. ეს იცოდა დავითმაც, ვახტანგმაც, გრიგოლ ხანძთელმაც. მათ დიდი საქართველო შექმნეს, ეს ჩვენ დავკარგეთ! აბა, რა გითხრათ?! ეს პრობლემა კალკირებით გადმოწერილი აღმზრდელობითი სისტემებით არ გადაიჭრება.

გარდა ამისა, ჭირივით მოდებული სათამაშო სახლები, ნარკოტიკები, მატერიალური სიდუხჭირე ანადგურებს ადამიანების ფსიქიკას. მღვდელი ვარ და უამრავი მაგალითი მაქვს იმისა, რამდენ ადამიანს შეერყა ფსიქიკა კანაფის ერთხელ მოწევითაც კი. მე კითხვა მიჩნდება, ექიმები მაინც რატომ არ გამოდიან და არ ყვირიან ამას? ხალხო, არ არის მარიხუანა უვნებელი, ბევრი ვერ უძლებს და ერთი მოწევის შემდეგ ფსიქიკურად ურევენ!

– პარადოქსია, მაგრამ იდეალების მსხვრევის პროცესი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო (ყოველ შემთხვევაში, იურიდიულად მოპოვების შემდეგ). როგორ ახსნით ამ ფაქტს?

– მე სხვას როგორ დავაბრალო?! სასულიერო პირებს ჩვენი საკეთებელი ჩვენ უნდა გვეკეთებინა და ვერ გავაკეთეთ. ხშირად არ მოსწონთ, როდესაც მრავლობით რიცხვში ვლაპარაკობ, ამიტომ, ჩემს თავზე ვიტყვი. მე, თეოდორე გიგნაძემ ვერ ვიმისიონერე, ახალგაზრდების ყურამდე და გულამდე ღვთის სიტყვა ვერ მივიტანე, ვერ დავანახე ცოცხალი ღმერთი. ადამიანი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური არსება, ის ლიტურგიკული არსებაა, რომელსაც ღმერთთან ურთიერთობის და ადამიანის სიყვარულის უნარი აქვს. ამისთვის არის ადამიანი გაჩენილი. ეს ყველაფერი რომ ქრისტემ მოგვიტანა, ხალხს ვერ დავანახე. ამიტომ, მოდით, ასე ვთქვათ, ჩემი ბრალია! თუ მე ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებდი, მთელი საქართველო გაქრისტიანდებოდა. აი, ეს არის! ქართველი კაცის გადაგვარებულ ღირსებას მარტო ქრისტესმიერი სიმდაბლე თუ განკურნავდა და მე ეს ვერ შევძელი! ასე გაჩნდა ცრუ იდეალები, რომელიც პოლიტიკურ იდეალებად შეიძლება მოვნათლოთ.

– გასაგებია, პრობლემის მიმართ თქვენი ქრისტიანული მიდგომა, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ პარალელურად ეს ყველაფერი სწორედ მიზანმიმართული და გაწერილი გეგმის ნაწილი იყო?

– „მიზანმიმართულში“ იგულისხმება, რომ ჩვენ გარეშე მტრები გვყავს, რომლებსაც საქართველოს მტრობის გარდა სამყაროში სხვა საქმე არა აქვთ. ასეც რომ დავუშვათ, ჩვენს პასუხისმგებლობას ეს ვერაფრით შეასუსტებს. მტერი, როგორც ფენომენი, ყოველთვის იარსებებს, ისე, როგორც ვირუსი, მაგრამ თუ ადამიანის იმუნიტეტი ძლიერია, ვირუსი მას ვერაფერს აკლებს. ასეა ამ შემთხვევაშიც. ხშირად მისტირიან ხოლმე რუსეთის მიერ საქართველოს ჩაყლაპვის ფაქტს და სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ. ლანძღე რამდენიც გინდა, მაგრამ ვირუსის ლანძღვა რა შედეგს მომიტანს? ნაყოფი რა იქნება? ამისთვის ორგანიზმი უნდა გაიკაჟო, იმუნიტეტი გაიძლიერო. გავიხსენოთ რა მდგომარეობაში იყო მაშინ საქართველო. ისე ვიქცეოდით, კარგი საქმე როგორ დაგვემართებოდა?! უზარმაზარ იმპერიებს შორის მოქცეულ ქვეყანაში ბაგრატიონთა კარი სახელმწიფოებრიობანას თამაშობდა. ჯერ საქრთველო რა არის და ისიც ხუთ ნაწილად დაყოფილი?! ამას ემატებოდა საეკლესიო განხეთქილება, აღმოსავლეთშიც პატრიარქი გყავდა და დასავლეთშიც. ერთი პატრიარქი „უწმინდესი“ იყო, მეორე- „უნეტარესი“. ახლა გაერთიანებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის პატრიარქების ტიტული. კახეთსა და სამცხე -საათაბაგოშიც თავთავიანთი პატრიარქი სურდათ. ასეთ ვითარებაში ამ ქვეყანას რა გადააარჩენდა? ის, რაც 1801 წელს მოხდა, აბსოლუტურად ლოგიკური იყო, ზნეობრივადაც და პოლიტიკურადაც. გარეშე მტრის საფრთხემაც კი არ გაგვაერთიანა და დღემდე ასე ვიქცევით! ჩვენი პრობლემის მიზეზი მხოლოდ გარეთ დავინახოთ, არასწორი და არაქრისტიანულია. ქრისტიანული მიდგომით, ადამიანმა პრობლემის მიზეზი ყოველთვის თავის თავში უნდა ეძებოს. ამას არ ვაკეთებთ არც ერი, არც ბერი, შედეგიც ეს არის. გამოსავალი ქრისტიანული ფესვების დაბრუნებაშია, როგორც მსოფლმხედველობაში, ისე ცხოვრების წესში. ამის მაგალითი უნდა მოგვცეს მღვდელმა. რადგან ზოგს მრავლობითში საუბარი არ მოსწონს, აი, ვამბობ, თუ რამე ცუდი ხდება, მე, თეოდორემ არ მოგეცით მაგალითი! თუ ვინმე დასაჯელია, მე ვარ დასასჯელი! აი, ჩემი ბრალია ყველაფერი!

– მაინც გკითხავთ, საუკუნეობით ჩამოყალიბებული ღირებულებების რღვევა სწორედ ძალად თავსმოხვეულმა, ჩვენი სხეულისთვის აბსოლუტურად უცხო, ნეოლიბერალისტურმა იდეოლოგიამ არ გამოიწვია?

– მე არ ვფიქრობ ამას, იმიტომ, რომ ეკლესიას ისეთი რამეებისთვის აქვს გაძლებული, ლიბერალური იდეოლოგია რა არის, კაცო?! ანუ, დევნაა, ფიქრობთ? რა დევნაა, როდესაც მე, მაგალითად, თეოდორე გიგნაძეს არავინ მიშლის ხელს ყოველ დღე ვწირო და ვიქადაგო. აი, ახლაც ვქადაგებ და არავინ ხელს არ მიშლის. როგორ უნდა ამომივიდეს პირიდან უმადური სიტყვები, რომ მე ვიდევნები, როგორც მღვდელი.

– პატრიარქის, სასულიერო დასის მუდმივ შეურაცხყოფას, ეკლესიის შიგნით დაპირისპირების პროვოცირებას, მორწმუნე მრევლის ბნელებად გამოცხადებას და ა. შ… დევნად არ განიხილავთ?

– არა, არა, ვერ გეთანხმებით და რატომ! თანამედროვე ლიბერალიზმის საქმე არის ის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. ისინი დიახაც, ვერ იტანენ ქრისტეს, ვერ იტანენ საუკუნეობით გამყარებულ ზნეობრივ ნორმებს, ახდენენ იმ იდეების კულტივირებას, რომელიც ადამიანების პიროვნების დეგრადირებას იწვევს. ეს არის მათი საქმე და ისინი ამას წარმატებით აკეთებენ, მაგრამ ჩვენი საქმე რა არის? როცა ახალგაზრდას ცალი მხრიდან ეუბნებიან, ნარკოტიკი კარგია, ღამის კლუბი გადასარევია, მე უნდა ვუთხრა, რომ კარგი არის მარადიული სიცოცხლე ქრისტესთან! და თუ იმას უფრო უჯერებენ, ეს მარტო ლიბერალიზმის ბრალია, თუ ჩემიც არის? ვფიქრობ, ჩემი ბრალიც არის. ისინი თავის საქმეს კარგად აკეთებენ და მე ჩემს საქმეს ვაკეთებ ცუდად! მოციქულებს რა შესაძლებლობები ჰქონდათ, მაგრამ რომის იმპერიაში მიდიან, ქადაგებენ და იმარჯვებენ! მოციქულთა სიტყვა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე წარმართების იდეოლოგია, ამაშია საქმე. მე როგორ ვთქვა, ქრისტე უფრო სუსტია, ვიდრე რომელიმე ლიბერალი? ჩემს სიტყვაში თუ ქრისტე იქნება, როგორ გაიმარჯვებენ ისინი? ეს ჩემი ბრალია, ამის თქმა მინდა ზუსტად. რაც შეეხება იმას, რომ ეკლესიას ებრძვიან, დიახაც, ეკლესიას 2000 წელია ებრძვიან, ქრისტე ჯვარს აცვა ამ სოფელმა. გასული საუკუნის 20-იან წლებში მაუზერებით ხვრეტდნენ მღვდლებს. დღეს ხომ ასე არ გვებრძვიან?! დღეს ხომ გვაძლევენ საშუალებას, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ?!

– ფიზიკური შეიძლება ჯერ არა, მაგრამ სულიერი ბრძოლა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. არ ფიქრობთ, რომ ფსევდოღირებულებების დანერგვა სრული ძალადობით მიმდინარეობს?

– ჩვენ მთელ რიგ უნივერსიტეტებში გვიშვებენ, ზოგან არც გვიშვებენ. ტელევიზია, რადიო, გამოცემები და სკოლები ჩვენც გვაქვს, ანუ, რაღაცას არ ვაკეთებთ სწორად. ახლა გავზომოთ რეიტინგი. თუ კი, ჩვენ ნაკლები ხალხი გვიყურებს, ე.ი. რაღაც არის შესაცვლელი. ანუ, ვერაფრით დავიჯერებ იმას, რომ ღვთის სიტყვა უფრო სუსტი იყოს, ვიდრე ლიბერალური იდეოლოგია. გასაბჭოების დროინდელი ლოზუნგები ჩვეულებრივი ლიბერალიზმია: „ძმობა ერთობა, თავისუფლება“. ძალიან მაგარი ლოზუნგები ჰქონდათ. მათ დაიწყეს ეკლესიის ფიზიკური განადგურება, დღეს ხომ ამას არ აკეთებენ? ანუ, მე მეძლევა საშუალება სიტყვით მოვიგო. სხვა საკითხია ის, რომ შეიძლება მერე ფიზიკურადაც დაგვერიონ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი საკეთებელი უნდა გავაკეთო. ვერაფრით ვერ ვიღებ იმას, რომ ჩემი სისუსტე ქრისტეს დავაბრალო. არა, ქრისტე არ არის სუსტი, თეოდორეა სუსტი, რომელიც ადამიანებს ქრისტეს ვერ აჩვენებს. ამაში მაქვს პრობლემა. მე სხვა რამეს გთავაზობთ – ჩვენ შევცვალოთ ბრძოლის ტაქტიკა, გავძლიერდეთ. მე, როგორც მღვდელმა, ვიცი, რა უნდა გავაკეთო და თუ ვერ ვაკეთებ, ჩემი ბრალია. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკაშიც შეიძლება ცვლილებების შეტანა, განათლების სისტემაშიც, პოლიციაშიც და ა. შ.

როგორი მღვდელიც მე ვარ, ისეთი სახელმწიფო გვაქვს. მე ხელისუფლების წარმომადგენლებს ვეტყოდი: წირვაზე პომპეზურად, დიდი სანთლებით ნუ დგახართ, ეს ევქარისტიული მსახურების შეურაცყოფაა! ევქარისტია მადლიერებას ნიშნავს, მადლიერების მსახურებაზე პომპეზურად არ უნდა იდგე! სანთლით პომპეზური დგომა ყოველგვარი კონტექსტიდან ამოვარდნილია. აი, ეს უნდა მესწავლებინა და ვერ ვასწავლე! რა გავაკეთო?

– როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია სკოლებში ქრისტიანული რელიგიის სწავლება?

– მოდით ასე ვთქვათ, მოკლე პასუხია – არ ვიცი. თუ განვმარტავ, მაშინ ვიტყვი, რატომ არ ვიცი. ქრისტიანობა რომ ისწავლებოდეს, კომპეტენცია ძალიან მაღალი უნდა იყოს. თუ ფიზიკა ცუდად ასწავლეს, ნუ, ფიზიკა არ ეცოდინება, მაგრამ ქრისტიანობის ცუდად სწავლა ბავშვს სულს დაუმახინჯებს! არ შეიძლება ფილოლოგიის და ისტორიის მასწავლებლები ორთვიანი კურსით გადაამზადო და მათ ქრისტიანობა ასწავლონ, ეს დაუშვებელია.

– მოძღვრები, სასულიერო პირები რომ შეუშვან სკოლებში?

– ეგ თითქმის შეუძლებელია, არც მოძღვრების რაოდენობაა საკმარისი და სამწუხაროდ, არც კომპეტენცია. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თეოდორე შევიდეს თუ არა ბავშვებთან, მაგრამ მანამდე არ უნდა შემამოწმოთ მე, შემიძლია თუ არა მათთან საუბარი? როგორ უნდა მიხვდეთ? ამისთვის ჩემთან, ტაძარში უნდა მოხვიდეთ და ნახოთ, ჩემს მრევლში თუ ჭარბობს ახალგაზრდობა. თუ მრევლში ახალგაზრდები ძალიან მინიმალურად არიან ან არ არიან, ეს ნიშნავს, რომ მე ახლგაზრდები ქრისტესთან ვერ მიმყავს. ანუ, მე მათთვის გასაგებ ენაზე ვერ ვსაუბრობ. ჰოდა, თუ ეკლესიაში არ მიჩერდება ახალგაზდა, სკოლაში მომისმენს? გესმით, როგორი ფაქიზი თემაა? მეორე, აუცილებლად უნდა არსებობდეს საეკლესიო კომისიის მიერ დადასტურებული კომპეტენტური სახელმძღვანელოები. იმდენი რამის მომზადებაა საჭირო, ხვალ რომ გვითხრან, აბა შედით, იმ წამსვე პრობლემის წინაშე დავდგებით. შეიძლება უკუშედეგი მოგვცეს. აი, ამიტომ ვთქვი, არ ვიცი-მეთქი, თორემ რა ჯობია ღვთის სიტყვის ქადაგებას?! 90-იან წლებში რომ შედიოდნენ მღვდლები,მაშინ სხვა ხალხი იყო, დღეს სხვა ტიპის ახალგაზრდები არიან. 90-იანი წლების მისიონერული ენა დღეს არ გამოდგება. ანუ, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

– რას ეტყვით მათ, ვინც ნიჰილისტური შინაარსის ფრაზა ახლახან მომხდარი უბედურების შემდეგ დაუფიქრებლად აიტაცა?

– გინება ყოვლად დაუშვებელი რამ არის ქრისტიანული თვალსაზრისით, სიტყვა უბრალოდ ფრაზა, ჰაერის რხევა არ არის. სიტყვა სულის მდგომარეობის გამომავლინებელია. სიტყვაში სულის მატერიალიზაცია ხდება. უფალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ადამიანი როგორ მეტყველებს. ქრისტე ამბობს: „რაც გულში არ ეტევა, ის გადმოიღვრება პირიდან“. თავისთავად ცხადია: ცუდია, როდესაც ადამიანები ამ ენით მეტყველებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ მათი შინაგანი მდგომარეობა პრობლემურია. ჩვენი ერი, ჩვენი ახალგაზრდობა მძიმე მდგომარეობაშია, განგაშის ზარია შემოსაკრავი, აქ რაღაც იურიდიული სიმკაცრე არაფრის მომცემია. ადამიანის სულს არცერთი იურიდიული კანონი არ კურნავს. სულის მაკურნებელი მხოლოდ ქრისტეა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ცხოვრების საზრისი დავანახოთ. ცხოვრების საზრისი კი არის ის, რომ ღმერთი, რომელიც სიყვარულად იწოდება, არის მარადიული სიცოცხლე! ვინ უნდა დაანახოს ეს ხალხს? მღვდელმა თეოდორემ უნდა დაანახოს! ყველა მღვდელმა თავისი თქვას, მე ჩემსას ვიტყვი. ბრაზდებიან ჩემზე ჩემი ძმები, პირველ პირში ილაპარაკოსო და აჰა, ვლაპარაკობ პირველ პირში, ჩემი ბრალია! მე მომაჭერით თავი, თუ ისე არ კეთდება, როგორც სწორია! რა გავაკეთო მეტი?!

წყარო: www.blackonwhite.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები