ზუგდიდის დრამატული თეატრის მსახიობთა ნაწილი თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტიას დანიშვნას აპროტესტებს
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობთა ნაწილი, თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტიას დანიშვნას აპროტესტებს.
როგორც მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ზურაბ ეგუტია ამავე თეატრის მსახიობს, კოკა ხუბუტიას ფიზიკურად გაუსწორდა და საქმე ჯერ კიდევ ძიებაშია.
“ზურაბ ეგუტია ჩვენს მსახიობს ფიზიკურად გაუსწორდა, გარდა ამ ფაქტისა, არის რიგი საკითხები, რომელიც მის სახელს უკავშირდება. მაგალითად, თეატრის მართვა- განვითარება, თეატრის მომავალი. ჯერ გამოძიების შედეგები არ დადებულა, დასკვნა არ არის და ამ დროს ვგებულობთ, რომ დირექტორად ისევ ეს პიროვნება ინიშნება, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ, მივმართავთ კულტურის სამინისტროს, მოახდინოს სასწრაფო რეაგირება,”-განაცხადეს მათ.
თავად ეგუტია ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მსახიობთა ნაწილი, ვინც მის დანიშვნას აპროტესტებს, რეპეტიციებზე არაფხიზელ მდგომარეობაში დადიოდნენ და თეატრის თანამშრომელს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებას, ეგუტიას თქმით, აღნიშნული საქმე ძიებაშია და გამოძიების შედეგების შემდეგ გახდება ყველაფერი ცნობილი.
ცნობისთვის, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტია მიმდინარე წლის 23 დეკემბერს დაინიშნა.