“ლელო საქართველოსთვის“: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეაფერხოს დამოუკიდებელი ტელევიზიების ფუნქციონირება

“ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას, არ შეაფერხოს დამოუკიდებელი ტელევიზიების ფუნქციონირება; დიალოგის და არა ულტიმატუმების რეჟიმში გადაიყვანოს მათთან მოლაპარაკების პროცესი საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებით; ხელი აიღოს შერჩევით მიდგომებზე, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს ხელისუფლების მკვეთრად გამოხატული პოლიტიკა, რომელიც კრიტიკული მედიების შევიწროებას, საბოლოოდ კი მათ გაჩუმებასა და ნეიტრალიზებას ისახავს მიზნად, ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას და ქმნის ავტორიტარიზმის აშკარა საფრთხეებს. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა ახლა, როდესაც პრაქტიკულად უკვე საარჩევნო წელში ვიმყოფებით.

გუშინ ხელისუფლებამ მორიგი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელი ტელევიზიების ნაწილი („ტვ პირველი“, „რუსთავი 2“, ტელეკომპანია „კავკასია“ და ორი რეგიონული მაუწყებელი) გააფრთხილა და მიმდინარე დავალიანების გადახდისთვის ერთდღიანი ვადა მისცა, მეორე დღესვე კი მათ ანგარიშებს ინკასო დაადო. აღსანიშნავია, რომ გაფრთხილებული ტელევიზიები ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ. იმავე სამსახურს აღნიშნული არ გაუკეთებია სხვა ტელევიზიებთან მიმართებით, რომლებსაც წლებია, მილიონობით ლარის დავალიანება დაუგროვდათ ბიუჯეტის წინაშე.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას, არ შეაფერხოს დამოუკიდებელი ტელევიზიების ფუნქციონირება; დიალოგის და არა ულტიმატუმების რეჟიმში გადაიყვანოს მათთან მოლაპარაკების პროცესი საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებით; ხელი აიღოს შერჩევით მიდგომებზე.

მოვუწოდებთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მედიის დამოუკიდებლობის საკითხებს საქართველოში და გააკეთონ ყველაფერი მათი შესაძლებლობების ფარგლებში, არსებული მედია-პლურალიზმის მხარდასაჭერად და შესანარჩუნებლად.

ხელისუფლება, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქმა“ ტროლებისა და ბოტების სიცრუის ინდუსტრიის შექმნასა და მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რაც პოლიტიკური ოპონენტებისა და საზოგადოებრივად აქტიური პირების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად, ბუნებრივია, ვერ და არ იქნება კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ ღია. საქართველოს მოქალაქეებს ამგვარი მიუღებლობის არაერთი მაგალითი ახსოვთ ახლო წარსულიდან. თუმცა, ერთია, რა მოსწონს ხელისუფლებას, და მეორეა – რა სჭირდება სახელმწიფოს: კრიტიკული, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა და მრავალფეროვანი მედიაგარემო სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოში დემოკრატიის შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.

ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები 23 დეკემბერს სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები