რატომ არ განიხილავენ „ნორმანდიულ ფორმატში“ საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებს – მოსკოვი ზურაბიშვილს პასუხობს
„ნორმანდიულ ფორმატში“ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების გამართვის იდეა თავისებურად გამოიყურება, რადგან რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პრობლემები ეხება, პირველ რიგში, ორ ქვეყანას, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში კი „განსაკუთრებული ვითარებაა“, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ნოვიკოვმა, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას თქვა.
„ეს პოზიცია ძალიან თავისებურად მეჩვენება, რადგან პრობლემები ორ ქვეყანას ეხება, და მისი მოგვარება ორმა ქვეყანამ უნდა შეძლოს. „ნორმანდიული ფორმატი“ კი, განსაკუთრებული შემთხვევაა, როდესაც, პირველ რიგში, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, მეორე მხრივ კი, აქ, დონეცკსა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში რეფერენდუმი ჩატარდა შესაბამისი ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, რასაც უკრაინული მხარე ვერ ეგუება, რუსული მხარე კი, ვითარების იმგვარ მოგვარებას არ ეთანხმება, როდესაც ამ ტერიტორიებიდან ადამიანების გენოციდი შეიძლება განხორციელდეს. ეს ორი პრინციპულად განსხვავებული ისტორიაა, ორი სრულიად განსხვავებული ვითარება და მე ვფიქრობ, რომ „ნორმანდიულ ფორმატზე“ საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, ხელოვნურია“, – აცხადებს ნოვიკოვი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთთან მოლაპარაკებების ფორმატებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსოფლიოში ყველაფერი იცვლება და ყველა ყველასთან საუბრობს. საქართველო რეალურად არ სარგებლობს ყველა დიპლომატიური რესურსით, უკრაინა კი, მზად არის, ყველა არსებული საშუალება გამოიყენოს.
ამ კონტექსტში ზურაბიშვილმა უკრაინა-რუსეთს შორის არსებული „ნორმანდიული ფორმატი“ ახსენა და თქვა, რომ „მაგალითად, მე ვიტყოდი, რომ თუ საშუალება იქნება, იყოს ნორმანდიის ტიპის ფორმატი, სადაც საქართველო თავის პარტნიორებთან ერთად იქნება, რადგან მარტო მოლაპარაკებების ძალა ჩვენ არ გაგვაჩნია, ვინაიდან შედეგიანი რომ იყოს მოლაპარაკება, არ უნდა იყო იმ არათანასწორ მდგომარეობაში, რომელიც იქნება მაშინ ჩვენი მდგომარეობა. გვჭირდება ეს მხარდაჭერა. რატომ არის, რომ უკრაინა შედის ამ ფორმატში და არა პირდაპირ ურთიერთობაში. შეიძლება, მერე დრო მოვიდეს, როცა პირდაპირი ურთიერთობებიც საჭირო იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ და ეს საშუალება თუ გვექნება, კარგი იქნება. ჩვენ კიდევ ერთხელ, მგონი, უნდა ვეძებოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ სიტუაცია“.