„კლინიკურმა სიკვდილმა სიმღერა დამაწყებინა“ – მუსიკოსი, რომელმაც ესპანელები ქართულ ჰარმონიას აზიარა

თელავში გაატარა ბავშვობა, სულ პატარას  სათამაშო როიალზე უყვარდა დაკვრა. მუსიკის ნიჭმა თავისი გაიტანა და თელავის სამუსიკო სასწავლებელი, შემდეგ კი კონსერვატორია დაამთავრა.  თბილისის მე10 სამუსიკო სკოლაში პედაგოგად და კონცერტმეისტერად მუშაობდა. პარალელურად სახელმწიფო ფილარმონიაში ბავშვთა ანსამბლი ლირა“ ჩამოაყალიბა.
მშობიარობისას მის ცხოვრებაში სასწაული მოხდა, რამაც ყველაფერი შეცვალა – სიმღერების შექმნა დაიწყო. ამასობაში სიდუხჭირემ ოჯახი აიძულა, რუსეთში წასულიყო საცხოვრებლად. შემდეგ იყო  ესპანეთი, ანდალუსია,  ალაქი კორდობა. მალე წმინდა მარინას ეკლესიაში ორღანისტად და გუნდის დირექტორად დაიწყო მუშაობა… კორდობაში სოლოკონცერტებს ატარებს, პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობს… წერს საგალობლებს და ამღერებს წმინდა მარინეს ეკლესიის გუნდს. ამჟამად მეგობრების სასახლის გუნდის კონცერტმეისტერია.
ამბობს, რომ ჭირი გადაიტან და უძლებ ცხოვრების ორომტრიალს, რომ ცხოვრება ძნელია საყვარელი ადამიანის გარეშე, მაგრამ მუსიკა ატანინებს ყველაფერს… – მუსიკოს ეთერ ბოჭორიშვილის პერსონა.

– დავიბადე თელავში, 1956 წელს. 2 წლის რომ გავხდი, მამამ სათამაშო როიალი მიყიდა, რაზედაც დავიწყე დაკვრა, სმენით ვაწყობდი საბავშვო სიმღერებს –  „ჭრელო პეპელა“,  ,,ჟუჟუნა წვიმა“, მაგრამ, სამწუხაროდ, შავი კლავიშები დახატული ჰქონდა და არ გამოსცემდა ხმას. დავიწყე ტირილი და მთელი ძალით ვურტყამდი თითებს შავ კლავიშებს…
დედამ უამბო ჩემზე მეზობელ მუსიკის მასწავლებელს და რომ მოისმინა, უთხრა მშობლებს, ბავშვი მართალია, უყიდეთ ნამდვილი პიანინოო. მართლაც, მეორე დღესვე მომიტანა მამამ პიანინო „საქართველო“… ამ პიანინოზე დაკვრით დავამთავრე სამუსიკო შვიდწლედი (პედ.ელენე ქობულაშვილი)… შემდეგ – თელავის სამუსიკო სასწავლებელი (პედ.გივი ჩარბაძე).
ვმონაწილეობდი კონკურსებში და იმავე წელს მოვეწყე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პედ. ბეჟან ნამგალაძე). ხშირად გამოვდიოდი კონცერტებით.
1980 წელს დავამთავრე კონსერვატორია და გავთხოვდი. მეუღლე მივლინებით გაგზავნეს ხიდმშენის ტრესტიდან ვიეტნამში, დედაქალაქ ჰანოიში. მეც წამიყვანა. იქ 2 წელი ვიყავით.  ჩემი მეუღლე 1000-კაციან ბრიგადას ხელმძღვანელობდა.  6 კმ-იანი ხიდი ააგეს. ეს იყო ჩემი ცხოვრების უბედნიერესი 2 წელი, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებ.
– პედაგოგიური მოღვაწეობიდან რას გაიხსენებთ?…
– დავიწყე მუშაობა პედაგოგად და კონცერტმეისტერად თბილისის მე-10 სამუსიკო სკოლაში. პარალელურად სახელმწიფო ფილარმონიაში ჩამოვაყალიბე ბავშვთა ანსამბლი „ლირა“. ამ დროს უკვე მყავდა ორი შვილი – ბიჭი და გოგო.
– თქვენის ცხოვრება გამორჩეულია იმით, რომ ერთხელ სასწაული მოხდა…

ჰანოიში მეუღლესთან ერთად

– მესამე მშობიარობისას გადავიტანე კლინიკური სიკვდილი – ბავშვი დაიღუპა და მეც ვიღუპებოდი, რომ არა უფლის დიდი ძალა… 4 წუთით გული გამიჩერდა, ექიმები ცდილობდნენ ჩემს გადარჩენას, მაგრამ ამაოდ… სისხლდენა არ წყდებოდა… გამომეცხადნენ ქრისტეს მოციქულები – ილია და ენუქი… მხოლოდ უზარმაზარი სილუეტები და ასეთი დიალოგი ჰქონდათ: მოკვდა? მოკვდა… და ეს გრძელდებოდა დიდხანს. სანამ არ თქვეს – „მარად და მარად“…
ბოლოს თვალისმომჭრელი შუქი და სითბო ვიგრძენი. მე ,,მამაო ჩვენოს“ ვამბობდი უკვე მერამდენედ… ექიმები გაოგნებულები მიყურებდნენ, როცა გონზე მოვედი… მითხრეს, იქიდანვე ეკლესიაში წავსულიყავი, რადგანაც თავისით შეწყდა ატონური სისხლდენა.
– და ეკლესიაში ვისთან მიხვედით?
– მე მანამდეც დავდიოდი ბავშვებთან ერთად ქაშუეთში მამა სოგრატესთან… ჰოდა, როგორც კი ფეხზე დავდექი, წავედი და აღსარება ვუთხარი… მოვუყევი, რაც გადავიტანე… მითხრა, 33-ჯერ დამეჩოქა მარიამ ღვთისმშობლის ხატის წინაშე და კიდევ ამიხსნა ქრისტეს მოციქულების – ილიასი და ენუქის ნათქვამი ფრაზა: ,,მარად და მარად“ ნიშნავს, რომ ღვთის რჩეული ხარო. ამიტომ მას მერე სიკვდილის საერთოდ არ მეშინია. ასეთივე რუბრიკით დაწერეს ჩემ შესახებ ჩემივე მოსწავლეებმა ჟურნალისტებმა – ზაირა მიქატაძემ და თამარ ბატიაშვილმა გაზეთში ,,იდუმალების სამყარო“.
მე მჯერა სულის უკვდავების… ჩემი მეგობრები ხშირად მეუბნებიან, შენს ცხოვრებაზე ერთი დიდი წიგნი დაიწერებაო…

ლიპეცკში მიღებული მადლობის წერილი

– ამ წუთებმა ალბათ  სხვა ცხოვრება დაგაწყებინათ…
– იმ დღიდან, მართლაც, სხვანაირი გავხდი… მინდოდა რამე შემექმნა და დავიწყე სიმღერების წერა. ჩემი სიმღერებით გამყავდა „ლირას“ ბავშვები კონკურსებზე. ჩემი მოსწავლეები არიან – თეონა დვალი (კოლორატურული სოპრანო), რომელიც იტალიაში, მილანში მღერის… ოთო ბერიშვილი, რომელიც თავად წერს სიმღერებს და მშვენივრად მღერის.
– და მაინც, წახვედით რუსეთში  სამუშაოდ…
– აირია ქვეყანა და, სამწუხაროდ,  მე და ჩემი მეუღლე წავედით სამუშაოდ რუსეთში, კერძოდ ლიპეცკში, სადაც დავიწყე მუშაობა სამუსიკო კოლეჯში… საესტრადო სასწავლებელში და ქორეოგრაფიულ სასახლეში კონცერტმეისტერად და პედაგოგად. ვუკრავდი მუსიკალური კოლეჯის ორკესტრთან. შევისწავლე, რა მეთოდით უნდა დამეკრა კლასიკურ ბალეტთან. ძალიან სახალისო იყო ეს მუშაობა.
შეიძლება დაგებადოთ კითხვა, მაინცდამაინც რუსეთში რატომ წავედით…
ეს იყო 2008 წლის ივნისში. ჩემი მეუღლე თბილისში დაბადებული და გაზრდილი გივი კოვალენკო იყო. უცხოგვარიანებს  რუსეთის საელჩო სამუშაოდ აგზავნიდა რუსეთში  პუტინის პროგრამით, სადაც ეწერა, რომ უნდა მოეცათ ბინა და 100000 რუბლი, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა დაპირებები… თან 2008 წელს ომი დაიწყო… ჩვენ უკვე ლიპეცკში ვიყავით… ჩემს მეუღლეს აღარ შეეძლო ფიზიკურად მუშაობა. კაბინეტში არავინ დასვამდა ლტოლვილს. ამიტომ სექტემბრამდე ძლივს გავუძელით სიდუხჭირეს თავშესაფარში.
სექტემბრიდან დავიწყე მუშაობა და ნელ-ნელა ავეწყეთ… რასაც ვიღებდი, ვაგზავნიდი საქართველოში. ბანკის ვალს ვიხდიდი…

პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალი

ერთი ინციდენტი რომ არ მოგიყვეთ, არ შემიძლია – ნასესხები ფულით მივდიოდით რუსეთში… რა თქმა უნდა, ჯერ მოსკოვში რომ ჩავფრინდით და ლიპეცკის ბილეთი ავიღე ავტობუსზე, ერთი ბილეთი მოგვდიოდა, მეორე – არა… რა მექნა, არ ვიცოდი. ვიეტნამში გაცნობილი ცოლ-ქმარი მეგულებოდა, ვიფიქრე, ვესესხებოდი ფულს, მაგრამ მეუღლემ მითხრა, ისინი ტულაში ცხოვრობენ, მოსკოვიდან 200 კმ-ის დაშორებითო (ეს ცოლ-ქმარი ხშირად ჩამოდიოდა თბილისში ჩვენთან სტუმრად).
ინტუიცია მკარნახობდა, რომ ღმერთი მიშველიდა. მართლაც, დავურეკე და ნინა მოსკოვში იყო თავის ავადმყოფ დასთან სრულიად შემთხვევით… გადაირია, ამ ომში როგორ წამოხვედითო..
იმ წუთში გამოიქცა და 5000 რუბლი მოგვიტანა. ეს დღე არ დამავიწყდება… ეს იყო განგების ძალა, რომელსაც ვერაფერი შეედრება. ასე ჩავედით ლიპეცკში… შემდეგ, რა თქმა უნდა, გადავუხადე ვალი ნინას. პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ჩვენ რუსი ხალხისგან ზეწოლა არასოდეს არ გვიგრძვნია. ახლაც ბევრი მეგობარი მყავს სამივე სასწავლებელში… ოსებიც..
– და ესპანეთში როგორ მოხვდით?
– რუსეთმა დიდი პრაქტიკა მომცა, მერე წამოვედი ესპანეთში, ანდალუსიაში, კერძოდ, ქალაქ კორდობაში. აქ ძალიან რთული იყო ჩემთვის ცხოვრება, რადგანაც ჯერ ენა უნდა მესწავლა… 3 წელი  მოხუც ცოლ-ქმარს  ვუვლიდი…

პალესტინელი მომღერლის მირიამ ტუკანის კონცერტი – 2018 წლის 8 მარტი

2013 წელს ჩემს ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა. იანვარში დედა გარდაიცვალა, თებერვალში – ჩემი საყვარელი მეუღლე… მე ვერ წავედი უსაბუთობის გამო, რადგანაც უკან ვეღარ დავბრუნდებოდი… სკაიპით დავიტირე დედა და მეუღლე… ეს საშინელებაა, როდესაც სიტყვები უძლურია… კიდევ კარგი, გოგო აქ წამოვიყვანე და ორივემ გადავიტანეთ ეს საშინელი ტკივილი…
წარმოიდგინეთ, 2000 წელს ყველაფერი გავყიდეთ ვალების გამო. ჩემმა მეუღლემ ძალიან განიცადა ვერაზე ულამაზესი სახლის გაყიდვა. მე სულ ვუქადაგებდი, ჯანმრთელობაა მთავარი-მეთქი, მაგრამ ამაოდ – მესამე ინსულტი ვეღარ გადაიტანა  და უჩემოდ დალია სული…
რომანსი ,,ნუ მიმატოვებ“ მივუძღვენი ჩემს მეუღლეს. ტექსტი ალი ისაევ ავარსკისაა. მე არ ვთვლი თავს მომღერლად, მაგრამ უცრემლოდ ვერ ვასრულებ…
როგორ მოხვდით წმინდა მარინეს ეკლესიაში?
– გავიდა დრო და ერთხელაც ბებოს ვასეირნებდი ქუჩაში, რომ სუნამოების მაღაზიაში ,,Sensu“ დავინახე როიალი. დირექტორს ვთხოვე, დამეკრა. სიამოვნებით დამთანხმდა. იმ დღეს უამრავი სუნამო გაიყიდა… შემდეგ მეც ვიყიდე ელექტროპიანინო და წამოვედი ბებოსგან. დავიწყე ორღანისტად და გუნდის დირექტორად მუშაობა წმინდა მარინეს ეკლესიაში, რადგან  ეკლესიაში უფასოა მუშაობა,  მიზერული ანაზღაურება მქონდა.
ვწერ საგალობლებს და ვამღერებ წმინდა მარინეს ეკლესიის გუნდს… ილია მეორის ცნობილი ,,კირიელეისონი“ ძალიან მოეწონათ. მერე დავწერე ,,ალილუია“, „წმინდაო ღმერთო“, „კრავი“და სხვა… ესპანურად მღერიან, მაგრამ ქართული ჰარმონიით.

ფლამენკოს კონცერტი – 2019 წლის 20 ოქტომბერი

– სოლოკონცერტებსაც ატარებთ, პიანსტთა საერთაშორისო ფესტივალებშიც მონაწილეობ…
– 2015 წლიდან ვატარებ სოლოკონცერტებს. მხოლოდ კორდობაში 5 სოლო კონცერტი ჩავატარე ინტერნაციონალური რეპერტუარით. ერთი – ბურგოსში ჩემი უნიჭიერესი მეგობრის მომღერალ მაია სიჭინავას მიწვევით. 2016 წელს მადრიდმა აღიარა ჩემი დიპლომი, როგორც პიანისტი ინტერპრეტატორის, კონცერტმეისტერისა და პედაგოგისა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო.
2016 წელსვე მივიღე მონაწილეობა პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც კორდობაში ყოველი წლის სექტემბერში იმართება. პროგრამაში მქონდა როგორც ქართული ფოლკლორისა და ცეკვების პოპურები, ასევე უცხო ქვეყნების ცნობილი მელოდიების და განსაკუთრებით ესპანური მუსიკის ინტერპრეტაციები. შევისწავლე პორტუგალიური მუსიკალური მიმდინარეობა ,,ფადო“, ესპანური ფლამენკო, პასოდობლე…

მეგობრობის სასახლის გუნდის სიგელი

– მეგობრობის სასახლის გუნდში კონცერტმეისტერად ხართ…
– 2019 წლის აპრილში მიმიწვიეს მეგობრების სასახლის გუნდის კონცერტმეისტერად. ძალიან საინტერესოა გუნდთან მუშაობა. მქონდა 3 კონცერტი ბენდთან ერთად. პალესტინელ მომღერალ მირიამ ტუკანთან დავუკარი, რომელიც ამა წლის 25 ნოემბერს ჩატარდა. კონცერტი გადაიცა როგორც ესპანეთის, ისე პალესტინის ტელევიზიით…
ძალიან საინტერესო იყო, რადგანაც ანსამბლში ვიყავით სხვადასხვა ქვეყნის შემსრულებლები. გიტარაზე თურქი უკრავდა, საქსოფონზე – ესპანელი, არაბი ქრისტიანი მირიამი და მე, ქართველი. ყველამ ჩვენი ქვეყნის მუსიკალური კომპოზიცია შევასრულეთ. მე ,,თბილისოთი“ გავხსენი კონცერტი. მეამაყება, რომ ესპანელებს საქართველო სხვადასხვა კუთხით გავაცანი.
3 კონცერტი გვქონდა მეგობრების სასახლის გუნდთან. დღეს მესამე კონცერტზე დავუკარი. მირიამ ტუკანის ჯაზბენდს დაგეგმილი აქვს კონცერტი ისრაელში. ახლა გამოდის დისკი. ვნახოთ… ყველაფერი ღმერთის ნებაა…
მეგობრობის სასახლის გუნდმა „რამონ მედინამ“ სიგელი გადმომცა, რომელზეც წერია, რომ ეს გუნდი შენი დიდი ოჯახიაო, რომ ვუყვარვარ გუნდს. თან მხცოვანი კომპოზიტორის ლუის ბედმარის კომპოზიციაა დართული იესოზე. ეს კომპოზიტორი 40 წელია ხელმძღვანელობს ამ გუნდს და ძალიან მაფასებს. ეს ჩემთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო.
– ოჯახი…
– ბიჭი საქართველოში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, 10 წლის ანდრია. გოგო კორდობაში გათხოვდა. ჰყავს ესპანელი მეუღლე და ორი გოგონა – 2 წლის და 1 წლის. მათთან ერთად ვცხოვრობ მეც.
ჩემი ბიოგრაფია ძალიან სევდიანია… ამის მიუხედავად, ყველანაირად ვცდილობ, მივაღწიო მიზანს, რომელიც ბავშვობიდან მომყვება.
მეუღლე რომ არ დამღუპოდა, მხიარული ცხოვრება მექნებოდა. ასე მგონია, ისევ ჩემ გვერდით არის… ძალიან დამწყვიტა გული. ის იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული.  ცხოვრება ძნელია საყვარელი ადამიანის გარეშე, მუსიკა მატანინებს…
მინდა ყველამ საქართველოში თავისი საქმე აკეთოს. მაშინ აყვავდება ჩვენი ქვეყანა და არ გახდება გასაწეწი. მივტირი ჩემი ბავშვობის დროს, როდესაც ყველა თავისი ნიჭით ცხოვრობდა და ფულიც საკმარისი იყო. მინდა ბედნიერი იყოს ყველა ქართველი.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები