ირაკლი სესიაშვილი: არ შეიძლება, ყველა პოლიციელის მტრად შერაცხვა, ამან შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს ის, დაისჯება.

“თავისთავად ცხადია, რომ დამნაშავე დაისჯება, ვინც არ უნდა იყოს ის. მე მესმის, რომ პოლიტიკური ინტერესები აქვს ვიღაცას, მაგრამ არ შეიძლება, ყველა პოლიციელის მტრად შერაცხვა, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე შედეგები. რა თქმა უნდა, არის გადაცდომები, ზოგადად ვამბობ და არა ამ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში, და ამ გადაცდომებზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება,” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი “მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. ადვოკატის განცხადებით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები