საქართველოსა და ჩინეთს შორის მემორანდუმები გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთის რესპუბლიკის ქალაქ პეკინში იმყოფებოდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქართული ჩაისა და ქართული თამბაქოს სექტორის მიმართულებებით თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
“საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, ორი ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს აქტიურად ითანამშრომლონ. საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებული მემორანდუმი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სოფლის მეურნეობის დარგში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის”, – განაცხადა ხატია წილოსანმა.
როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ აღნიშნა, ჩინეთის რესპუბლიკის ქალაქ პეკინში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.
„მემორანდუმი ინიცირებულია „ჩინეთისა და საქართველოს თანამშრომლობისა და მეგობრობის ასოციაციის“ მიერ და მისი ძირითადი მიზანია ქართული თამბაქოს პოპულარიზაცია, აჭარაში მეთამბაქოობის დარგის განვითარების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და ფერმერების კეთილდღეობას’’, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.