ლევან გოგიჩაიშვილი: ვანო მერაბიშვილის მსახურები არიან სისტემაში
ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით 15 წლის მოზარდის გარდაცვალება საზოგადოების ტრაგედიაა.
მისივე თქმით, არასრულწლოვნების ძალადობრივი გარემოსგან დასაცავად არაფერი კეთდება.
“სამწუხაროდ, ჩვენ სისტემა ვერ გავწმინდეთ მოძალადე პროკურორებისგან, მოძალადე გამომძიებლებისგან და მოძალადე მოსამართლეებისგან. სისტემა სულდგმულობს, როდესაც გრძნობს, რომ ქვეყანა არ მიდის დემოკრატიულად და ავტორიტარიზმის ნიშნები ჩნდება. ეს ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა. უნდა გვესმოდეს, მისი თანატოლები, მეგობრები რა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იქნებიან. სამწუხაროა, რომ არ არსებობს ნდობა პრემიერ-მინისტრის სიტყვების მიმართ, შს მინისტრის სიტყვების მიმართ, პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვების მიმართ. არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი არასრულწლოვნები დავიცვათ ძალადობრივი გარემოსგან.
ხშირ შემთხვევაში, მოქმედი მინისტრების მოადგილეები არიან დღეს ძალოვან სისტემაში, რომლებიც ვანო მერაბიშვილის მსახურები იყვნენ. თქვენ გახსოვს გახარიას გამოსვლა, როდესაც ის ამბობდა, ჩვენ სისტემასთან კომპრომისზე წავედითო. ვისთან წახვედით კომპრომისზე? გაბინაშვილთან როგორ წახვედით კომპრომისზე? თეთრაძის საქმის პროკურორთან როგორ წახვედით კომპრომისზე? გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანთან როგორ წახვედი კომპრომისზე? აი, ეს არის კომპრომისის შედეგი. ამიტომ, როგორც კი მოგვეცემა საშუალება, აუცილებლად დავიბარებთ პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით და ძალიან მარტივი კითხვა იქნება: რატომ გადმოიბარეთ სისტემა? ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად გავააქტიურებთ, დებატებს მოვითხოვთ და პოლიტიკურ ფასს გადაიხდის “ქართული ოცნება“ იმ ღალატისთვის, რაც მან გააკეთა 2012 წლის პირველ ოქტომბერთან და იმ მოქალაქეებთან მიმართებაში, რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი წლების განმავლობაში სდევნიდა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი “მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. ადვოკატის განცხადებით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი გუშინ დააკავეს.