ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს. თორნიკე რიჟვაძემ განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,დღეს საქართველოს განათლების მინისტრთან, ბატონ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ბათუმში საფუძველი ჩავუყარეთ განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობას. რომელიც მართლაც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თანამედროვე საგანმანათლებლო კერა. კომაროვის სკოლა აშენდება, ასევე თანამედროვე ლაბორატორიები, საბუნებისმეტყველო და სამეცნიერო სივრცეები, სპორტული დარბაზები. ყველა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა მომავალი თაობის ხარისხიანი განათლების მიღებისთვის. ეს არ იქნება ერთადერთი სკოლა, რომელიც ამ ქალაქში აშენდება. იცით, რომ დაგეგმილია პროფესიული სასწავლებლის კოლეჯის და ხელოვნების სკოლის მშენებლობა. ასე, რომ ერთ სივრცეში ჩვენ ძალიან ბევრ საგანმანათლებლო კულტურულ სივრცეს მოვუყრით თავს “- განაცხადა რიჟვაძემ.

250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.

ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის პროექტის მშენებლობის ღირებულება 11 399 994 ლარია. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და ახალგაზრდები.

განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სწავლების ყველა ეტაპზე როგორც უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის გაზრდა, ასევე მომავალ თაობაში პროფესიული უნარების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თბილისსა და ბათუმში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქების” მშენებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები